LIVE

აშშ არ მიიღებს მონაწილეობას G-20-ის ფინანსური ლიდერების შეხვედრაში, თუ მას რუსეთი დაესწრება

06 აპრ 202222:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 965
აშშ არ მიიღებს მონაწილეობას G-20-ის ფინანსური ლიდერების შეხვედრაში, თუ მას რუსეთი დაესწრება
Bloomberg

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანი ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები არ მიიღებენ მონაწილეობას მიმდინარე წელს "დიდი ოცეულის" შეხვედრაში, თუ მას რუსეთი დაესწრება.

მოგვიანებით პრესსპიკერმა განმარტა, რომ იელენი გულისხმობდა ფინანსთა მინისტრების და ცენტრალური ბანკის მმართველების შეხვედრას, რომელიც 20 აპრილს ვაშინგტონში არის დაგეგმილი. 

"მე გასაგებად ვუთხარი ჩემს ინდონეზიელ კოლეგებს, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რიგ შეხვედრებში, თუ რუსები იქ იქნებიან", - თქვა იელენმა. 

ინდონეზია წელს "დიდი ოცეულის" მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ლიდერთა სამიტი ბალიში მიმდინარე წელს ნოემბერში გაიმართება. ოფიციალური პირები განიხილავენ სხვადასხვა სცენარს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მასში მონაწილეობას გადაწყვეტს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთს G-20 უნდა დაატოვებინონ, თუმცა წევრები, მაგალითად, ჩინეთი წინადადებას, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერენ. 

G-20-ის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები მასპინძელ ქვეყანაში წელიწადში რამდენჯერმე იკრიბებიან. აპრილის სესიის გამართვა იგეგმება ვაშინგტონში "საერთაშორისო სავალუტო ფონდისა" და "მსოფლიო ბანკის" საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფერ კონდონი