LIVE

გერმანელი კანონმდებლები 60+ პირების სავალდებულო ვაქცინაციას მხარს უჭერენ

06 აპრ 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 535
გერმანელი კანონმდებლები 60+ პირების სავალდებულო ვაქცინაციას მხარს უჭერენ

გერმანიის მმართველი კოალიციის კანონმდებლები შეთანხმდნენ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც 60 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებს მიმდინარე წლის ოქტომბრიდან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მოეთხოვებათ.  

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიის, მწვანეებისა და თავისუფალ დემოკრატების შეთანხმება, რომელიც პარლამენტში კენჭისყრამდე შეიძლება კიდევ შეიცვალოს, შემოდგომამდე პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში, 18 წლის და უფროსი ასაკის ყველა პირის სავალდებულო ვაქცინაციის შესაძლებლობასაც განიხილავს. 

კანონმდებლების განცხადებით, ქვეყნის მიზანი ნებაყოფლობითი ვაქცინაციის ხელშეწყობა იქნება. თუ საკუთარი სურვილით საკმარისი ოდენობის ადამიანი აიცრება, სავალდებულო ვაქცინაციის ბრძანება შეიძლება ივნისში შეიცვალოს.

"ჩვენ გვაერთიანებს ეფექტური პრევენციის მიზანი, რომ შემოდგომისთვის ყველა ზრდასრული ადამიანი მაქსიმალურად მაღალი ხარისხის იმუნიტეტით იყოს დაცული. ამ გზით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა",- ამბობენ კანონმდებლები.

ბუნდესტაგის ჯანდაცვის კომიტეტმა შემოთავაზებული კანონპროექტი დღეს დახურულ სხდომაზე უნდა განიხილოს. კანონმდებლებს ხმის მიცემის საშუალება ხვალ ექნებათ. პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ. 

გერმანიაში მოსახლეობის დაახლოებით 76% ვაქცინირებულია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებზე ზეწოლა ახლა გაცილებით დაბალია, ვიდრე წინა პიკური მაჩვენებლების დროს. მიუხედავად ამისა, 15 მილიონზე მეტ მოქალაქეს, რომლებსაც ვაქცინაციის უფლება აქვს, აცრა ჯერ არ ჩაუტარებია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: არნე დელფსი და ნაომი კრესგე