LIVE

უკრაინა ნაჩუქარი NFT-ების გასაყიდად ვებგვერდს ქმნის

06 აპრ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 654
უკრაინა ნაჩუქარი NFT-ების გასაყიდად ვებგვერდს ქმნის

უკრაინა ვებგვერდს ქმნის, რომელზეც დაახლოებით 300-მდე NFT გაიყიდება. NFT-ები ქვეყანამ ომში დასახმარებლად დონაციების სახით მიიღო.

დონაციებს შორისაა CryptoPunk-ი, რომელიც უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილის ალექს ბორნიაკოვის თქმით, დაახლოებით $200,000-ად უნდა გაიყიდოს. ბორნიაკოვმა ინტერვიუში განაცხადა, რომ დონაციების მხოლოდ 5%-დან 10%-მდეა რეალურად ღირებული. ვებ გვერდი ერთ კვირაში გახდება ხელმისაწვდომი და მყიდველს ასევე 10 NFT კოლექციას შესთავაზებს, რომელიც დამოუკიდებელი კომპანიების მიერ იქნება შექმნილი. გაყიდვები OpenSea-ს საშუალებით მოხდება, რომელიც ყველაზე დიდი NFT ბაზარია.

უკრაინის მთავრობა კრიპტო დონაციებს ომის ხარჯების შესამსუბუქებლად იყენებს. ქვეყანამ უკვე გაყიდა $770,000-ის ღირებულების NFT-ები, რომელიც გასულ კვირას გამოვიდა და ომის სცენებს ასახავს. NFT-ების გაყიდვა მიმდინარე კვირაში დასრულდება, როდესაც ციფრული ხელოვნების ნიმუშების გაყიდვები $1 მილიონს მიაღწევს.

ბორნიაკოვის თქმით, უკრაინამ დონაციის სახით ასევე 32 ბიტკოინი მიიღო, რომლის ღირებულება $1.5 მილიონამდეა. ამ დრომდე ქვეყანამ კრიპტო დონაციებით $60 მილიონზე მეტი მოაგროვა.

ბორნიაკოვის თქმით, დონაციები ასევე გამოყენებული იქნება ლტოლვილების დასახმარებლად. რამდენიმე კვირაში 66,000-მდე უკრაინელი ციფრულ საფულეს მიიღებს $300-ის ღირებულების კრიპტოვალუტით. მისი თქმით, გადანაწილებისას ბავშვიან და დაბალ შემოსავლიან რეზიდენტებს პრიორიტეტი მიენიჭებათ, საფულეების გამოყენება კი MoneyGram-ის ლოკაციებზე იქნება შესაძლებელი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ხარიფ