LIVE

რუსეთის მოქალაქეები "შანელის" ჩანთებს ვერც უცხოეთში შეიძენენ

05 აპრ 202221:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 724
რუსეთის მოქალაქეები "შანელის" ჩანთებს ვერც უცხოეთში შეიძენენ

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთში მაღაზიების დახურვის შემდეგ, "შანელი" რუსეთის მოქალაქეებს ჩანთებს არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიყიდის.

ლუქს ბრენდის ნაბიჯი მიზნად ისახავს ევროკავშირის სანქციების გათვალისწინებას, რომელიც კრძალავს 300 ევროზე მეტი ღირებულების ძვირადღირებული საქონლის რუსეთში ექსპორტს. ბლოკმა ასევე აკრძალა ასეთი საქონლის მიყიდვა პირებზე, რომლებიც მათ გამოყენებას რუსეთში აპირებენ.

“შევქმენით პროცესი, რომ ვთხოვოთ კლიენტებს, რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილი არ ვიცით, დაადასტურონ, რომ შეძენილი ნივთები არ იქნება გამოყენებული რუსეთში”,- განაცხადა ფრანგული ლუქს ბრენდის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ამან ზოგიერთ კლიენტში “იმედგაცრუება” გამოიწვია და ბრენდი “მუშაობს მიდგომის გაუმჯობესებაზე”.

ძვირადღირებულ ბრენდებს, რომლებიც სანქციებს იცავენ, სოციალურ მედიაში რუსი მომხმარებლები რუსოფობიაში ადანაშაულებენ. "შანელის" გადაწყვეტილება გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ფრანგულ მოდის სახლს საკუთარი “ჩონჩხები აქვს კარადაში”.

“მეორე მსოფლიო ომის დროს თავად კოკო შანელი იყო მესამე რაიხის თანამშრომელი და აგენტი. საყოველთაოდ ცნობილია მისი კავშირი საფრანგეთის საოკუპაციო მთავრობის წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ ომის შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ კოკო შანელი კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულა. ის შვეიცარიაში გაიქცა, მაგრამ 1954 წელს საფრანგეთში ბრალდებები მოეხსნა და კოკო შანელი პარიზში დაბრუნდა”,- აცხადებს ზახაროვა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანჯელინა რასკუეტი