LIVE

Apple-მა და Meta-მ ჰაკერებს მონაცემები გადასცეს - ჰაკერებმა თავი სამართალდამცავებად გაასაღეს

31 მარ 202211:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 977
Apple-მა და Meta-მ ჰაკერებს მონაცემები გადასცეს - ჰაკერებმა თავი სამართალდამცავებად გაასაღეს

Apple-მა და Meta-მ, Facebook-ის მშობელმა კომპანიამ, გაუგზავნეს მომხმარებლების მონაცემები ჰაკერებს, რომლებმაც თავი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებად გაასაღეს. ამის შესახებ Bloomberg-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს. 

2021 წლის შუა რიცხვებში ყალბი "გადაუდებელი მონაცემების მოთხოვნის" საპასუხოდ, Apple-მა და Meta-მ მიაწოდეს მომხმარებლების ძირითადი დეტალები, როგორიცაა საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი და IP მისამართი. 

საკითხში გარკვეული პირების თქმით, ჩვეულებრივ, ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ ჩხრეკის ორდერით ან მოსამართლის მიერ ხელმოწერილი უწყებით არის შესაძლებელი. თუმცა, გადაუდებელი მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლოს ბრძანება აუცილებელი არ არის.    

ყალბი იურიდიული მოთხოვნა იმავე ჰაკერებისგან Snap-მაც მიიღო, მაგრამ უცნობია, კომპანიამ მასაც მიაწოდა თუ არა ინფორმაცია. ასევე დაუდგენელია რამდენჯერ გაუზიარეს კომპანიებმა მათ მონაცემები. 

კიბერუსაფრთხოების მკვლევრები ეჭვობენ, რომ ზოგიერთი ჰაკერი, რომელიც ყალბ მოთხოვნებს აგზავნის, არასრულწლოვანია და დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან მოქმედებს. ერთ-ერთი მათგანი მიიჩნევა კიბერდანაშაულების ჯგუფის Lapsus$-ის თავდამსხმელად, რომელმაც Microsoft-ის, Samsung Electronics-სა და Nvidia-ის ბაზები გატეხა. ლონდონის პოლიციამ Lapsus$-ის ჰაკერული ჯგუფის გამოძიებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ შვიდი ადამიანი დააკავა.  

ორივე კომპანიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია მიღებული გადაუდებელი მონაცემების მოთხოვნების შესახებ. 2020 წლის ივლისიდან დეკემბრამდე Apple-მა 29 ქვეყნიდან მიიღო 1162 მოთხოვნა. მან მოთხოვნების 93%-ს უპასუხა. 

Meta-მ თქვა, რომ 2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით გლობალურად 21,700 გადაუდებელი მოთხოვნა მიიღო და მათი 77%-ის საპასუხოდ გარკვეული მონაცემები მიაწოდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უილიამ ტურტონი