LIVE

პანიკაში მყოფ რუსებს არ სჯერათ ოფიციალური განცხადებების, რომ ეკონომიკაში ყველაფერი რიგზეა

25 მარ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1234
პანიკაში მყოფ რუსებს არ სჯერათ ოფიციალური განცხადებების, რომ ეკონომიკაში ყველაფერი რიგზეა
Reuters

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა და რუსებმა პანიკური შესყიდვები დაიწყეს, ერთადერთი, რაც რუსეთში უხვადაა, ოფიციალური გარანტიებია, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. 

მთავრობა თითქმის ყოველდღიურად აცხადებს, რომ ომითა და ფართო საერთაშორისო სანქციებით დაზარალებულ ეკონომიკაში ძირითადი საშუალებების დეფიციტი არ არსებობს.

"საჭმელი? სანერვიულო არაფერია",- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დიმიტრი პატრუშევმა. მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, ჰიგიენური საშუალებების სიმრავლეა. არც სიცხის დამწევი წამლების დეფიციტია. რაც შეეხება ფქვილს - პეტერბურგს საკმარისი აქვს. 

მაგრამ სიტყვები არ ჭრის.

უკვე ომამდე ფასები იზრდებოდა და გლობალური მიწოდების ჯაჭვები გადატვირთული იყო. რუსები ახლა ებრძვიან ეკონომიკური იზოლაციის ახალ რეალობას და პროდუქტებს იმარაგებენ.

მსხვილი კომპანიების შაქრის შეფუთვები დახლებიდან გაქრა და უცნობმა ბრენდებმა ჩაანაცვლა, რომლებსაც სამჯერ ძვირად ყიდიან. ჰიგიენის საშუალებებზე, შინაური ცხოველების საკვებსა და ყავის კაფსულებზე მოთხოვნა დიდია, ხოლო საერთაშორისო კომპანიების მიერ წარმოებული საქონელი ან იმპორტირებული მასალები განსაკუთრებით მწირია.

რუსეთი თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა რეცესიის გზაზეა მას შემდეგ, რაც რუბლი დაეცა და ვაჭრობა შეჩერდა, რადგან ყველაფრის უცხოელი მომწოდებლები, საკვებიდან მანქანებით დამთავრებული, ზღუდავენ ან წყვეტენ ქვეყანაში ბიზნესის კეთებას. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები სწრაფად მოქმედებენ, რათა გარკვეული სიმშვიდე აღადგინონ ფინანსურ ბაზრებზე კაპიტალის კონტროლისა და საპროცენტო განაკვეთების გაზრდის გზით, მათ არ აქვთ სწრაფი გამოსავალი სამომხმარებლო ბრაზისთვის. 

15-22 მარტის გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსების მეოთხედი ძირითადად ყიდულობს არამალფუჭებად საკვებს, როგორიცაა მაკარონი და საყოფაცხოვრებო ქიმიკატები. 

რუსეთის უმსხვილესი კრედიტორის, Sberbank-ის მიერ შედგენილი ყოველკვირეული მონაცემები აჩვენებს, რომ სამომხმარებლო დანახარჯები წლიურად 25%-ით გაიზარდა.

“რუსეთის ეკონომიკას სიტუაციასთან ადაპტაციისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა წლების განმავლობაში ცდილობდა რუსეთს იმპორტირებულ მედიკამენტებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებულიყო, მათი გავლენა შეზღუდულია”,- ამბობს Loomis, Sayles&Co-ს ანალიტიკოსი, ქსენია მიშანკინა. 

რუსეთის ეკონომიკის გადარჩენის შესაძლებლობა საფრთხის წინაშეა, რადგან პუტინის სამხედრო შეტევა უკრაინაში მეორე თვეა გრძელდება. ომამდე ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის ნახევარზე მეტი სამომხმარებლო ხარჯებს ეყრდნობოდა. 

ხელისუფლებამ დააწესა მარჟის ლიმიტები ძირითადი საქონლისთვის საცალო ვაჭრობის ჩათვლით, ხოლო X5 Retail Group-მა შეზღუდა “სოციალურად მნიშვნელოვანი” საკვები პროდუქტების შესყიდვა.

თუმცა, ინფლაცია შენელების ნიშნებს არ აჩვენებს. ზოგიერთი ეკონომისტი ვარაუდობს, რომ მან შეიძლება 25%-ს მიაღწიოს, რაც რუსეთში 1998 წლის შემდეგ არ უნახავთ.

საბჭოთა ეპოქის რეტროსპექცია - პანიკურმა ყიდვამ გამოიწვია თაროების დაცარიელება, რაც განაპირობებდა მიწოდებაზე სულ უფრო მეტ ზეწოლას. ერთმა ონლაინ საცალო მოვაჭრემ თქვა, რომ საოფისე ქაღალდის ღირებულება გასული თვის შემდეგ ხუთჯერ გაიზარდა. 

Roszdravnadzor-ის ცნობით, წამლების ფასები 40%-ით იზრდება. რუსი ექიმები აცხადებენ, რომ ქვეყანაში 80-ზე მეტი დასახლების წამლის, მათ შორის ბავშვებისთვის განკუთვნილი Nurofen-ის დეფიციტია.

“მიწოდების ნაწილში სანქციების შოკი ფასებს ბევრად უფრო სწრაფად ზრდის, ვიდრე რუბლის დაცემისგან ველოდით. თავდაპირველი ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს აშკარა დეფიციტით, ისევე როგორც პანიკური შესყიდვებით, მაგრამ ინფლაცია შეიძლება დაჩქარდეს რამდენიმე თვის განმავლობაში, რადგან შეფერხებები ვრცელდება მიწოდების ჯაჭვებზე”,- ამბობს Bloomberg-ის ეკონომისტი, სკოტ ჯონსონი.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (IIF) მიხედვით, მოსალოდნელია, რომ რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 15%-ით შემცირდება, რასაც 2023 წელს 3%-იანი კლება მოჰყვება. ეს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს 15 წლის წინანდელ ნიშნულზე დააბრუნებს.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია