LIVE

ერთ კვირაში რუსეთში შაქარი 14%-ით გაძვირდა - ფასები სწრაფი ტემპით იზრდება

24 მარ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 963
ერთ კვირაში რუსეთში შაქარი 14%-ით გაძვირდა - ფასები სწრაფი ტემპით იზრდება
Getty Images

ინფლაციური შოკი, რომელმაც რუსეთის ეკონომიკა ამოაყირავა, შენელების ნიშნებს არ აჩვენებს. უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიწოდების შეფერხებები და რუბლის კოლაფსი ძირითადი მოხმარების საქონელზე, როგორიცაა ჩაი და ხახვი, ინფლაციის მეტად გავრცელებას უწყობს ხელს.

რუსეთის ზოგიერთ რეგიონში, მხოლოდ ერთ კვირაში შაქარი 37.1%-ით გაძვირდა, ეროვნული მასშტაბით კი 14%-ით. სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მიხედვით, შვიდ დღეში სამომხმარებლო ფასები მთლიანობაში 1.93%-ით გაიზარდა, რაც გასული კვირის 2.09%-იანი ზრდის შემდეგ უმნიშვნელო შემცირებას წარმოადგენს.

პანიკური შესყიდვების ტალღამ, რომელმაც რუსეთში თებერვლის ბოლოს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დაისადგურა, ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასების დრამატული ზრდა გამოიწვია. ამასთან, გრძელვადიანი გაჭირვებისა და დეფიციტის შიში ბევრ მომხმარებელს საკვებისა და ძირითადი გამოყენების ნივთების მარაგების შექმნისკენ უბიძგებს.

ქვეყანაში ინფლაცია ისეთი დონეებისკენ მიემართება, რაც ორი ათწლეულის მანძილზე არ დაფიქსირებულა. სიტუაციას აუარესებს უცხოური ფირმების გადინება რუსული ბაზრიდან. რუბლმა, ამასობაში, დოლართან მიმართებით ღირებულების მეოთხედი დაკარგა, რაც იმპორტირებულ საქონელზე ფასების კიდევ უფრო ზრდას იწვევს.

ეკონომისტები წელს ქვეყანაში წარმოების ორნიშნა ვარდნას პროგნოზირებენ. პარალელურად, რუბლის კოლაფსმა და საქონლის დეფიციტმა, შესაძლოა, ინფლაცია 25%-მდე გაზარდოს, რაც რუსეთში 1998 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

რუსეთის ბანკის მონაცემებით, ინფლაციის მოლოდინი, რომელიც სურსათის ღირებულების ზრდის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა, მარტში 18,3%-მდე გაიზარდა. თებერვალში ეს მაჩვენებელი 13,5%-ს შეადგენდა.

ცენტრალურმა ბანკმა გასულ კვირას რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 20%-ზე შეინარჩუნა. ბანკი 4%-იან სამიზნე ინფლაციის მიღწევას 2024 წლამდე არ ელოდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია