LIVE

ტაილანდი კრიპტოვალუტით გადახდებს კრძალავს

23 მარ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 731
ტაილანდი კრიპტოვალუტით გადახდებს კრძალავს

ტაილანდი აცხადებს, რომ ციფრული აქტივების ფართო გამოყენება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სისტემას და ეკონომიკას. ამ მიზეზით ის კრძალავს კრიპტოვალუტებს, როგორც გადახდის საშუალებას.

უსაფრთხოებისა და გაცვლის კომისიის (SEC) დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიზნეს ოპერატორებმა, მათ შორის კრიპტო ბირჟებმა, არ უნდა უზრუნველყონ ასეთი გადახდის სერვისები. მათ საქონლის ან მომსახურების გადასახდელად ციფრული აქტივების გამოყენებისთვის ხელშეწყობაც ეკრძალებათ.

ახალი რეგულაცია ციფრული აქტივებით ვაჭრობაზე ან ინვესტიციებზე გავლენას არ მოახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ვალუტების გამოყენებაზე შეზღუდვები ძალაში 1 აპრილიდან შევა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სიდიდით მეორე ეკონომიკის ქვეყანაში კომპანიებს ახალი წესების შესასრულებლად დრო აპრილის ბოლომდე ექნებათ.

ტაილანდის მარეგულირებლის განცხადებით, კრიპტოვალუტებზე, როგორიცაა ბიტკოინი, კომერციული ტრანზაქციების შეზღუდვები შეესაბამება ევროპის, გაერთიანებული სამეფოს, სამხრეთ კორეისა და მალაიზიის რეგულაციებს.

ტაილანდში პირები (განსაკუთრებით ახალგაზრდა ინვესტორები), ქვეყნის ეკონომიკური შენელების ფონზე, მეტი სარგებლის მისაღებად, უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ კრიპტო ვაჭრობას.

ტაილანდის მარეგულირებლებს გააზრებული აქვთ ისეთი ტექნოლოგიების სარგებელი, როგორიცაა ბლოკჩეინი. SEC-ის განცხადებით, ტაილანდი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიზნესის მხარდასაჭერად მიიღო კანონი ციფრული აქტივების შესახებ. 

ტაილანდის ბანკი მეოთხე კვარტალში ციფრული ვალუტის საპილოტე პროექტის დაწყებას გეგმავს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სუტინი იუვეჯვატანა და თომას კატი აბრაამი