LIVE

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $400 მილიონი გამოუყო

23 მარ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 693
მსოფლიო ბანკმა საქართველოს $400 მილიონი გამოუყო

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 400 მლნ აშშ დოლარი გამოუყო. საფინანსო ინსტიტუტის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიო ბანკი იყენებს დაფინანსების ინსტრუმენტს „პროგრამა შედეგებისთვის“ ადამიანური კაპიტალის მრავალდარგობრივი მიმართულებით დასაფინანსებლად. კერძოდ, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის შედეგების გასაუმჯობესებლად. 

„ეს მართლაც უპრეცედენტო პროგრამაა როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიო ბანკისთვის, რაც იმის დასტურია, რომ ინვესტირება ადამიანებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, უპირველესი პრიორიტეტია ბანკისთვის, ისევე როგორც ქვეყნის მთავრობისთვის. მხოლოდ ადამიანური კაპიტალის სრული პოტენციალის ათვისებით, მომავალი თაობის მაღალი ხარისხის განათლებასთან წვდომით, და ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის თანასწორი სერვისების მიწოდებით, შეძლებს საქართველო მყარი საფუძვლის მომზადებას ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. ეს კი უზრუნველყოფს უკეთესი სამუშაო ადგილებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას მისი ხალხისთვის“,- აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. 

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტირება განათლებაში, ჯანდაცვაში, სოციალურ დაცვასა და სამუშაო ადგილების შექმნაში.

„ადამიანური კაპიტალის განვითარება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება და ამ გზით ინოვაციური გადაწყვეტების გამოყენება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19-ის პერიოდში, რათა თანმიმდევრულად მოხდეს ადამიანური კაპიტალის შედეგების დაცვა, უთანასწორობის აღმოფხვრა და პანდემიის უარყოფითი შედეგების შემსუბუქება“,- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ვალდებულებას გლობალური კლიმატის ცვლილების დღის წესრიგთან დაკავშირებით.