LIVE

სად არის ყველაზე სუფთა და ყველაზე დაბინძურებული ჰაერი მსოფლიოში - კვლევა

26 მარ 202219:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 2205
სად არის ყველაზე სუფთა და ყველაზე დაბინძურებული ჰაერი მსოფლიოში - კვლევა

მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი სუნთქავს ბინძურ ჰაერს, რომელიც ბევრად აღემატება დასაშვებ ნორმას. კლიმატის ცვლილება ამ სიტუაციას აუარესებს,- ნათქვამია შვეიცარიული ჰაერის დაბინძურების ტექნოლოგიების კომპანია IQAir-ის 2021 წლის ჰაერის კვლევის ანგარიშში

ანგარიშში გაანალიზებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათიათასობით მონიტორინგის სადგურიდან რეალურ დროში მიღებული ჰაერის ხარისხის მონაცემები. 

სენსორებმა გაზომეს PM2.5-ის დონეები - ეს არის უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები (2.5 მიკრონი ან ნაკლები) რომელიც გვხვდება მანქანების გამონაბოლქვში, ელექტროსადგურების ემისიებში, უდაბნოში მტვრის ქარიშხალში, სამზარეულოს ღუმელებიდან თუ ტყის ხანძრებიდან ამომავალ კვამლში. მისი მცირე ზომიდან გამომდინარე, შესაძლოა, ისინი გასცდეს ფილტვის ბარიერს და მოხვდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. შესაბამისად, ისინი ჯანმრთელობისთვის უფრო საშიშია. მეცნიერები PM2.5-ზე ზემოქმედებას უკავშირებენ გულის და ფილტვების დაავადებებს და ყოველწლიურად 7 მილიონი ნაადრევი გარდაცვალების შემთხვევას. 

ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ჰაერის ხარისხის მკაცრი სტანდარტი ვერც ერთმა ქვეყანამ დააკმაყოფილა.  

საკვლევ პერიოდში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიას მსოფლიოში ყველაზე ცუდი ჰაერის ხარისხი ჰქონდა. 50 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან 46 სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობს.

ყველაზე მაღალი საშუალო PM2.5 კონცენტრაცია შემდეგ ქვეყნებში დაფიქსირდა: ბანგლადეში, ჩადი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, ინდოეთი, ომანი, ყირგიზეთი, ბაჰრეინი, ერაყი, ნეპალი. 

კვლევის მიხედვით, ყველაზე დაბალი საშუალო PM2.5 კონცენტრაცია შემდეგ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე აღინიშნა: ახალი კალედონია, აშშ-ს ვირჯინიის კუნძულები, პუერტო რიკო, კაბო ვერდე, საბა, ფინეთი, გრენადა, ბაჰამის კუნძულები, ავსტრალია, ესტონეთი.

2021 წელს ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ბანგლადეშში PM2.5 კონცენტრაციამ კუბურ მეტრზე 76.9 მიკროგრამი, ხოლო ყველაზე სუფთა ჰაერის მქონე სამხრეთ წყნარი ოკეანის კუნძულოვან ქვეყანაში, ახალ კალედონიაში კი 3.8 მიკროგრამი შეადგინა. 

აშშ-ში ეს მაჩვენებელი 10.3-ს უდრიდა. ქვეყნის სტანდარტი PM2.5 დაბინძურებისთვის კუბურ მეტრზე 12 მიკროგრამია, თუმცა, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს პანელის ახალი რეკომენდაციით ის 8-დან 10 მიკროგრამამდე უნდა შემცირდეს. 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში წლიური საშუალო PM2.5-ის კონცენტრაცია 21-ს შეადგენს. დოკუმენტში აღნიშნული ქალაქებიდან ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებულია რუსთავში (34.3), ყველაზე ნაკლებად - ბათუმში (14.3). თბილისში PM2.5-ის კონცენტრაციამ 20.4 მიკროგრამი შეადგინა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტოდ ვუდი