LIVE

მასკმა ევროპაში Tesla-ს პირველი ქარხანა გახსნა

23 მარ 202211:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1577
მასკმა ევროპაში Tesla-ს პირველი ქარხანა გახსნა
Christian Marquardt/Pool/Getty Images

დაარსებიდან თითქმის 19 წლის შემდეგ, Tesla-ს მანქანების ქარხნის ქსელი მთელ მსოფლიოს მოიცავს. 

ელექტრომობილების წამყვანმა მწარმოებელმა გუშინ ბერლინთან მდებარე ქარხანა ოფიციალურად გახსნა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის წინაშე მომხმარებლებს პირველი 30 Model Y გადასცა. 

აღმასრულებელმა დირექტორმა, ელონ მასკმა დაპირება შეასრულა და შანხაიში ქარხნის გახსნის მსგავსად, ამჯერადაც იცეკვა.

ამ ფონზე Tesla-ს აქციები ზედიზედ მეექვსე დღეა იზრდება. გუშინ აქციების ფასმა 6,8%-ით მოიმატა და $984 გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. 

5 მილიარდი ევროს ღირებულების ქარხანა, რომლის გახსნის შესახებაც ინფორმაცია 2019 წლის ბოლოს გავრცელდა, გაზრდის Tesla-ს ელექტრო სპორტული მანქანების წარმოების შესაძლებლობებს იმ ფონზე, როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრა ზრდის საწვავის ხარჯებს და აჩენს დამატებით იმპულსს ისედაც მზარდ EV ბაზარზე.

ანალიტიკოსებისთვის ახლა საინტერესოა რამდენად სწრაფად შეუძლია კომპანიას გაზარდოს გამომუშავება მაშინ, როცა ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვი არაერთი გამოწვევის, მათ შორის ნახევარგამტარების და ბატარეის ლითონების დეფიციტის წინაშე დგას. 

"წარმოების დაწყება სასიამოვნოა, მაგრამ მოცულობითი წარმოება რთულია",- თქვა მასკმა გასული წლის ოქტომბერში ქარხნის სამშენებლო მოედანზე ვიზიტის დროს. მაშინ მან აღნიშნა, რომ Tesla მიმდინარე წლის ბოლომდე კვირაში 5000-დან 10000 ავტომობილის წარმოებას გეგმავდა. 

გერმანიაში Tesla-ს ქარხანა აუცილებელია იმისთვის, რომ მასკმა ევროპის ელექტრომობილების გაფართოებული ბაზარი დაიპყროს. გასულ კვირას მან დაწერა, რომ მუშაობდა ავტომობილების მწარმოებლის ახალ "მასტერ გეგმაზე". ამ კვირის დასაწყისში კი დაამატა, რომ "ექსტრემალურ ზომამდე სკალირება" მთავარი საკითხი იქნება

გერმანიის საავტომობილო ცენტრისთვის Tesla-მ 3000-ზე მეტი თანამშრომელი დაიქირავა. უახლოეს თვეებში ეს რიცხვი რამდენიმე ათასით გაიზრდება.

როდესაც ქარხანა 50 გიგავატ-საათიანი ბატარეის დამზადების ოპერაციის პარალელურად, ავტომობილების სრულ წარმოებაზე გადავა, კომპანიის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 12000 ადამიანს მიაღწევს. 

"ჩვენ უნდა მივყვეთ პროგრესს, რომელსაც ახალი ტექნოლოგიები გვიბიძგებენ, რადგან ასე მივიღებთ ახალ სამუშაო ადგილებს",- თქვა შოლცმა ქარხანაში სიტყვით გამოსვლისას.

მიუხედავად იმისა, რომ Tesla-მ სწრაფად შეძლო ობიექტის აშენება, მას წინ უძღოდა ნებართვების მისაღებად მრავალთვიანი შეფერხებები, რაც ზოგჯერ მასკის გაღიზიანებას იწვევდა. 

აქტივისტები ეწინააღმდეგებიან ხეების ჭრას, რომელიც წინ უძღოდა მშენებლობას და იმ ზემოქმედებას, რომელიც დაწესებულებას ველურ ბუნებაზე და წყალმომარაგებაზე ექნება. ეს საკითხი კვლავ პრობლემად რჩება Tesla-სთვის. გასულ კვირას წყლის ადგილობრივმა ორგანომ კომპანია გააფრთხილა, რომ შემდგომი გაფართოება დამატებითი ნებართვების მოპოვების გარეშე შეუძლებელი იქნება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მონიკა რეიმუნტი