
ლონდონის მეტალის ბირჟა (LME) მთავრობებთან განიხილავს, უნდა დაუშვას თუ არა რუსული ლითონები საკუთარ სასაწყობო ქსელში. ამის შესახებ ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა მეთიუ ჩემბერლენმა განაცხადა.
Bloomberg TV-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ LME-ს სურს, დარწმუნებული იყოს, რომ ის რაიმე სახის სისასტიკეს არ აფინანსებს.
ბირჟა იხელმძღვანელებს მთავრობის პოლიტიკიდან გამომდინარე. ამჟამად ლითონის მსხვილი რუსი მწარმოებლები სანქცირებულთა შორის არ არიან.
LME-ის სპილენძის კომიტეტმა - მრჩეველთა ჯგუფმა, რომელიც მსხვილი მაღაროელების, მოვაჭრეებისა და მომხმარებლების წარმომადგენლებისგან შედგება, გასულ კვირას მხარი დაუჭირა LME-ის საწყობებში რუსული ლითონის ახალი ტვირთების მიწოდების აკრძალვის შესახებ რეკომენდაციას. მისი დამტკიცება შესაძლოა, შოკისმომგვრელი აღმოჩნდეს ისედაც უკვე დაძაბულ ბაზრებზე.
"თუ ჩვენ ავკრძალავთ ლითონებს ჩვენს საწყობებში, ეს იქნება გადაწყვეტილება არა მხოლოდ ჩვენი ბიზნესის, არამედ მთელი ბაზრის სახელით. ამჟამად რუსული მეტალი არ არის სანქცირებული და ამიტომ დაშვებულია",- თქვა ჩემბერლენმა.
ჩემბერლენი მომავალში მსგავს აკრძალვას არ გამორიცხავს.
მიუხედავად იმისა, რომ სპილენძის აკრძალვას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება, კიდევ უფრო დიდი დარტყმა მოსალოდნელია LME-ის ნიკელისა და ალუმინის ბაზრებზე, სადაც მწარმოებლები MMC Norilsk Nickel და United Co. Rusal International სავაჭრო ბრენდების დიდ ნაწილს ამარაგებენ.
რაც შეეხება ნიკელის კრიზისს, რომელმაც ბირჟა შეძრა, ჩემბერლენი ამბობს, რომ LME მომხდარსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს განიხილავს.
მან კიდევ ერთხელ დაიცვა 8 მარტის LME-ის საკამათო ინტერვენცია, როდესაც ჩინელ მაგნატსა და მის კომპანია Tsingshan Holding Group-ს დაახლოებით $3,9 მილიარდის ვაჭრობა გააუქმა.
"ინტერვენციის მიზეზი არ იყო კლიენტის ეროვნება, არამედ მისი ზომა და სისტემური გავლენა. ჩვენ ამას გავაკეთებდით, მიუხედავად იმისა, თუ რა ეროვნების იქნებოდა კლიენტი",- ამბობს ჩემბერლენი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეკ ფარჩი, ანა ედვარდსი და მარკ კუდმორი