LIVE

პოლონეთის ტყეში დამალული მიტოვებული საბჭოთა ბირთვული სარაკეტო ბაზა

26 იან 202114:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 1059
პოლონეთის ტყეში დამალული მიტოვებული საბჭოთა ბირთვული სარაკეტო ბაზა
Shutterstock

ზოგისთვის “ქალაქი მოჩვენება” ათწლეულების განმავლობაში არცერთ რუკაზე არ ჩანდა. მისი საიდუმლოდ დატოვების მიზეზი მარტივია - ეს არის ადგილი, სადაც ცივი ომის ყველაზე ცხელ დროს, სავარაუდოდ, ბირთვული იარაღის მომაკვდინებელი არსენალი იმალებოდა, რომელსაც დასავლეთის ძირითადი ქალაქების განადგურება შეეძლო. ნაწილი მას პოლონურ ჩერნობილსაც უწოდებს. 

სწორედ თავისი მისტიკური ისტორიით იზიდავს ტურისტებს ჩრდილოეთ პოლონეთის პატარა ქალაქი, ბორნე სულინოვო. თავგადასავლების მოყვარულებს ხიბლავთ ბუნებრივ სილამაზესთან შერწყმული უცნობი საბჭოთა კავშირის ბნელი წარსულის აჩრდილი.

ამ ქალაქში მოხვედრა რთული არ არის. რეგიონის დედაქალაქ შჩეცინიდან, სოფლის დაბლობების გავლით (რომელიც ასევე ცივი ომის მემკვიდრეობას წარმოადგენს), ბორნე სულინოვოში აღმოჩნდებით. გზად გაივლით ქალაქ დროსკო პომორსიეს, სადაც ევროპაში NATO-ს სამხედროების ყველაზე მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობს. 

გაემართეთ დროვსკოდან აღმოსავლეთით, სადაც ტყე უფრო ღრმა და მშვიდი ხდება და დაახლოებით ერთ საათში მიხვალთ ბორნე სულინოვოს ყოფილ აკრძალულ ზონაში.

მისტიკური ქალაქი 

1991 წლამდე, სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, აქ მოხვედრა მხოლოდ სპეციალური საშვით იყო შესაძლებელი. დარჩენები მისგან თავს შორს იჭერდნენ, თითქოს არც არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. 

ცივი ომის პიკში, ბორნე სულინოვოს სამხედრო კომპლექსში თითქმის 12 000 საბჭოთა ჯარისკაცი იყო გამაგრებული. ისინი ეკუთვნოდნენ ჩრდილოეთის ძალებს, რომლებიც პოლონეთში, საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ბლოკის სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის დადებული ვარშავის ხელშეკრულების  თანახმად, იმყოფებოდნენ.

დღეს აქ არსებული მუზეუმის მეპატრონე იხსენებს, რომ 1945 წლის შემდეგ, კომპლექსი გახდა ვარშავის პაქტის სამხედრო გეგმების ნაწილი. დასავლეთში შეჭრისთვის სწორედ აქ ეწყობოდა სახმელეთო და საჰაერო ძალების წვრთნები.

ბორნე სულინოვოსკენ მხოლოდ ერთი გზა მიდიოდა - ერთი სარკინიგზო ლიანდაგი, რომელიც ელექტრიფიცირებული ღობეების მიღმა, იდუმალ ქალაქში, სრულდებოდა. ქალაქის მახლობლად მცხოვრებ ხალხს ამაზე საუბარისაც კი ეშინოდათ.

ქალაქში მოხვედრა საბჭოთა კავშირამდეც აკრძალული იყო. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, სანამ ეს მხარე გერმანიის შემადგენლობაში შედიოდა, აქ სამხედრო ბაზა და პოლიგონი ფუნქციონირებდა. ისტორიას 1938 წელს ადოლფ ჰიტლერის ვიზიტის ამსახველი ფოტოც შემორჩა.

საბჭოთა კავშირს აქ გერმანელების მიერ მოწყობილი ინფრასტრუქტურა დახვდა. მათ შორის იყო რკინიგზა და სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც დღეს მიტოვებულია.

ღობეები და მავთულხლართები დიდი ხანია გაქრა და ოდესღაც გასაიდუმლოებულ ტერიტორიაზე შემორჩენილი შენობების ჩონჩხებში ცნობისმოყვარე ტურისტები თამამად გადაადგილდებიან.

მუზეუმის მეპატრონეს, ვისლავ ბარტოზეკის, ტუსტებისთვის განსაკუთრებით უყვარს საავადმყოფოს ქვეშ არსებული საიდუმლო გვირაბის ისტორიის მოყოლა. ის საავადმყოფოს ოთახს რკინიგზასთან აკავშირებდა. მკვლევარებმა ჯერ კიდევ არ იციან რა მიზნით ხდებოდა მისი გამოყენება.

ბირთვული რაკეტები

დღეს ქალაქი საცხოვრებლად გამოიყენება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყაზარმა ბინებად გადაკეთდა, რკინიგზა გზამ ჩაანაცვლა. ახლა აქ 5000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ბევრი მათგანი ბორნიდან ჩამოვიდა და ამის მიზეზი იაფი საცხოვრებლის შოვნა იყო. 

ზოგიერთი შენობა წლების განმავლობაში აღდგა და განახლდა. საბჭოთა პერიოდის საავადმყოფო გარემონტდა. ქალაქის ცენტრში მდებარე კიდევ ერთი შენობა ახლა მოხუცთა თავშესაფრის და გაფანტული სკლეროზით დაავადებულების სარეაბილიტაციო ცენტრის მოვალეობას ასრულებს.  

თუმცა, ქალაქში წარსულის ნიშნები ჯერ კიდევ ბევრია. ბევრი მათგანი ინგრევა და რეაბილიტაციას საჭიროებს. მარმარილოს კედლები კი ყოფილ დიდებაზე მეტყველებენ.

ქალაქი ინვესტორების მოლოდინშია. წარსულის გაცნობასთან ერთად, ის დასვენებისთვის იდეალურ შესაძლებლობას იძლევა. აქ ერთადაა ფიჭვისა და მუხის ტყეები, ტბები, მდინარეები, აუზები და მდიდარი ველური ბუნება, რომელიც გარეულ ცხოველებსაც მოიცავს. და რაც ყველაზე მისტიკურია - ისტორია ბირთვულ რაკეტებზე, რომლებიც ოდესღაც მასიურ ლითონის გარსში იმალებოდა. დასავლეთ პოლონეთში არსებული ბირთვული იარაღის სამი ობიექტიდან, ერთ-ერთი სწორედ აქ არის.

სარეკეტო კონტეინერები

ისტორიკოსები ამბობენ, რომ აქ განთავსებული იყო  დასავლეთ ევროპაზე თავდასხმებისათვის განკუთვნილი საბჭოთა ბირთვული რაკეტები. ისინი შეიძლებოდა გამოყენებულიყო ისეთი ქალაქების დასაბომბად, როგორებიცაა ამსტერდამი და პარიზი. 

საბჭოთა კავშირი პოლონეთში  ბირთვული რაკეტების არსებობას უარყოფდა, თუმცა არქეოლოგები, რომლებიც ადგილს სატელიტური სურათებითა და შენობის სკანირების ანალიზით იკვლევდნენ, საწინააღმდეგოზე საუბრობენ.

საბრძოლო მასალების სათავსოების ნაწილი ნაპოვნია ბორნე სულინოვოს მახლობლად. ისინი ახლა უგულებელყოფილი და გავერანებულია. ბეტონის კედლებს ახლა ფერადი გრაფიტი ფარავს.

კიდევ ერთი ბირთვული ლოკაცია, პოდბორსკო, ბორნე სულინოვოს ჩრდილოეთით მდებარეობს. ის  ახლა ცივი ომის სამხედრო მუზეუმია. 

სარაკეტო კონტეინერების მშენებლობა 1969 წელს დასრულდა და ის პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური მთავრობის ფინანსებით აშენდა. მიუხედავად ამისა, ბაზაზე წვდომა მხოლოდ რუს ჯარისკაცებს ჰქონდათ. “ტერიტორია პოლონეთის იურისდიქციიდან გავიდა. ეს იყო დე ფაქტო რუსეთის ტერიტორია”, იხსენებს ბარტოზეკი.   

საბჭოთა კავშირის დაშლისა და ვარშავის პაქტის დასრულების შემდეგ, განადგურდა ყველა რუკა, რომელიც ამ ადგილის არსებობას ადასტურებდა. მოგვიანებით, ისტორიკოსებს მისი შესწავლა CIA-ს სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით მოუწიათ. მეცნიერებმა რადიაციაც გაზომეს, თუმცა რაიმე სახის დაბინძურება ვერ დაადასტურეს.  

CNN-ის ორიგინალი სტატიის ავტორი: მაგოსია კრაკოვსკა