
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა Gazprom-ის ადგილობრივი ერთეულის - Marketing & Trading Retail-ის დროებითი ნაციონალიზაციისთვის ემზადება.
კომპანია, რომელიც საცალო მიწოდებით არის დაკავებული, დასავლური სანქციების ზეწოლის ქვეშაა.
Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თუ კომპანია გაზის უწყვეტ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს, ის გაერთიანებული სამეფოს მიერ სპეციალურ ადმინისტრაციულ რეჟიმში გადასვლის მთავარი კანდიდატია.
ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან კომპანიის მდგომარეობას, რომელსაც 30 000-ზე მეტი ბიზნეს მომხმარებელი ჰყავს. საცალო ვაჭრობის განყოფილება, რომელიც Gazprom Energy-ის სახელით ვაჭრობს, 2020 წელს დიდი ბრიტანეთის ბიზნესის მეხუთედს გაზით ამარაგებდა.
Gazprom-ის შვილობილი კომპანია ლონდონისა და მანჩესტერის ოფისებიდან იმართება და ამარაგებს ბიზნესებსა და საჯარო ორგანოებს, მათ შორის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ნაწილებს.
საცალო ჯგუფის მიერ მიწოდებული ენერგიის წლიური მოცულობა დაახლოებით ორჯერ აღემატება Bulb Energy-ის, საყოფაცხოვრებო მიმწოდებლის მოცულობას.
ნაწილობრივ მისი მასშტაბის გამო, უფრო სავარაუდოა, რომ Gazprom Energy სპეციალურ ადმინისტრაციულ რეჟიმში გადავა. ჯერჯერობით მხოლოდ Bulb ჩაერთო SAR-ში, სადაც ადმინისტრატორები ფირმას მართავენ მთავრობის ფულით, იმისათვის, რომ ფართო ბაზრისთვის შოკი თავიდან აიცილონ.
Gazprom Energy-ის მომხმარებლები არ არიან დაცული Ofgem-ის ფასის ზედა ზღვრით. კონტრაქტების შეწყვეტის შემთხვევაში, ბევრს გარიგების გაფორმება არსებულზე ძვირი ტარიფით მოუწევს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ეს არის უახლესი ნიშანი იმისა, თუ რა გავლენა აქვს რუსეთის უკრაინაში შეჭრას მის მიერ კონტროლირებად კომპანიებზე. ენერგეტიკული ფირმები Gazprom-ის საბითუმო ვაჭრობის განყოფილებას ზურგს აქცევენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალექს მორალესი და ტოდ გილესპი