LIVE

პესკოვი: ევროკავშირის აკრძალვა რუსულ ნავთობზე ყველას დააზარალებს

21 მარ 202216:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 7704
პესკოვი: ევროკავშირის აკრძალვა რუსულ ნავთობზე ყველას დააზარალებს

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს გლობალურ ბაზარზე და ყველაზე ძლიერად ამ კონტინენტს დააზარალებს.

"ეს გადაწყვეტილება დააზარალებს ყველას. ამერიკელები ბევრს არ დაკარგავენ და უკეთესად იქნებიან, ვიდრე ევროპელები. ევროპელებს გაუჭირდებათ",- განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.

კრემლის განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ რუსეთისთვის სანქციების მეხუთე რაუნდი მოითხოვა. შეზღუდვების ახალი ტალღა შეიძლება მოიცავდეს რუსული ნავთობის იმპორტს, რომელიც შესაძლოა უფრო ადვილად ჩანაცვლდეს, ვიდრე რუსული გაზი.

აკრძალვის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირი, რომელიც რუსული ნედლი ნავთობისა და საწვავის უმსხვილესი მომხმარებელია, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ნაბიჯებს გაჰყვება. ოფიციალური აკრძალვის არარსებობის შემთხვევაშიც კი, რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრადიციული მყიდველები სიფრთხილეს იჩენენ ქვეყნის ტვირთების მიღების მიმართ. შედეგად, ეგრეთ წოდებულმა თვითსანქცირებამ ნედლი ნავთობის ფასების მაღალ ცვალებადობას შეუწყო ხელი.

აღსანიშნავია, რომ რუსული ნავთობის მიმართ გამიზნული ნებისმიერი შეზღუდვა ძირითადად დამოკიდებული იქნება გერმანიაზე, რომელიც აქამდე ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის მხრიდან სანქციების და სხვა ზომების წინააღმდეგობის მთავარი წყარო იყო. ბერლინი მარტო არ არის, რუსეთის ენერგეტიკული ნაკადების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგება უნგრეთიც. წესების მიხედვით, ნებისმიერი გადაწყვეტილება 27-ვე წევრმა სახელმწიფომ ერთხმად უნდა მიიღოს.

ცნობისთვის, რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის მონაცემებით, 1-დან 15 მარტამდე რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის საშუალო დღიური მაჩვენებელი 4,39 მილიონი ბარელი იყო. აქედან დასავლეთით მიმავალი მილსადენებით და შავი და ბალტიის ზღვების პორტებით, რომლებიც ტრადიციულად ევროპელ მომხმარებლებს ემსახურებიან, მიწოდებამ დღეში დაახლოებით 2,7 მილიონ ბარელს მიაღწია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია