LIVE

ბაიდენის ადმინისტრაციაში ეჭვობენ, რომ უკრაინის საკითხზე ჩინეთი პუტინისკენ იხრება

18 მარ 202215:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 1311
ბაიდენის ადმინისტრაციაში ეჭვობენ, რომ უკრაინის საკითხზე ჩინეთი პუტინისკენ იხრება
Alexei Druzhinin/Sputnik/AFP/Getty Images

უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ჩინეთის მდუმარე რეაქციის გამო, აშშ-ში ეჭვობენ, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი, შესაძლოა, კონფლიქტის მიმდინარეობისას მოსკოვის მხარდაჭერისკენ გადაიხაროს. ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-ს საკითხთან დაკავშირებულმა რამდენიმე ადამიანმა მიაწოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მთავრობა საჯაროდ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხს, ამერიკელი მაღალჩინოსნები ხედავენ ნიშნებს, რომ ჩინეთი ეძებს გზებს, რათა დაეხმაროს რუსეთს სანქციების შემსუბუქებაში. ადამიანები, რომლებიც საკითხის სენსიტიურობის გამო, ანონიმურად დარჩენას ითხოვენ, არ ამხელენ დეტალებს, თუ როგორ შეუძლია ჩინეთს ამის გაკეთება. 

ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ჩინეთი ასევე განიხილავს რუსეთისთვის ისეთი იარაღის მიწოდებას, როგორიცაა საბრძოლო დრონები.

პეკინი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას მხარს ფარულად უჭერდა. ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე არ დაადასტურეს და დეზინფორმაცია უწოდეს აშშ-ის ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა ჩინეთს ომის დაწყებიდან მალევე ფინანსური და სამხედრო დახმარება სთხოვა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ჩინელ კოლეგასთან გეგმავს სატელეფონო საუბარს, სადაც, სავარაუდოდ, მთავარი თემა უკრაინის შესახებ ჩინეთის პოზიცია იქნება. 

"შეშფოთებულები ვართ, რომ ისინი განიხილავენ გაუწიონ რუსეთს სამხედრო დახმარება, რომელსაც ის უკრაინაში გამოიყენებს",- განაცხადა გუშინ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბულია და უკრაინის კრიზისმა მათ შორის უნდობლობა გამოავლინა.  

ბაიდენი დღეს, სავარაუდოდ, შეეცდება დაარწმუნოს თავისი ჩინელი კოლეგა, უარი თქვას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ომის ნებისმიერი სახის მხარდაჭერაზე.

ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ბოლოს გასული წლის ნოემბერში ისაუბრეს. ოთხსაათიანი ვიდეოკონფერენციას, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, მოიცავდა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის განხილვას, რეალური გარღვევა არ მოჰყოლია. 

თეთრ სახლს ჯერ არ გაუჟღერებია ჩინეთის მიმართ დაანონსებული სტრატეგია და შეაჩერა მრავალი ეკონომიკური ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც პეკინის წინააღმდეგ გეგმავდა. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ამის მიზეზი, ნაწილობრივ უკრაინაში მიმდინარე კრიზისია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: პიტერ მარტინი, ჯენი ლეონარდი, ალბერტო ნარდელი და ჯენიფერ ჯეიკობსი