LIVE

ლაგარდი: ECB მზადაა შეცვალოს გეგმები, მომავალი რისკების გათვალისწინებით

17 მარ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 868
ლაგარდი: ECB მზადაა შეცვალოს გეგმები, მომავალი რისკების გათვალისწინებით

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ინფლაციასთან დაკავშირებული მომავალი რისკების გათვალისწინებით, გადახედოს თავის გეგმებს. ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა დღეს ფრანკფურტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. 

”სულ უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის დინამიკა პანდემიამდე არსებულ ნიშნულს არ დაუბრუნდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვმართოთ შოკი, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში აჩქარებს ინფლაციას მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით და ამცირებს ეკონომიკურ ზრდას”,- თქვა ლაგარდმა. 

მისი თქმით, ECB მიიღებს ყველა ზომას, რაც საჭიროა ფასების და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეს შეიძლება მოიცავდეს ახალ ინსტრუმენტებს მონეტარული პოლიტიკის უსაფრთხო ცვლილების უზრუნველსაყოფად.

ECB ცდილობს, ევროზონის ეკონომიკა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული შედეგებისგან დაიცვას და ასევე, შეაკავოს რეკორდული ინფლაცია. 

გასულ კვირას ინვესტორები გააკვირვა ბანკის მიერ სტიმულის უფრო ადრე გაუქმების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ და საპროცენტო განაკვეთების გაზრდის შესახებ საკუთარი თავისისთვის მინიჭებულმა მოქნილობამ. 

მმართველი საბჭოს წევრმა, პაბლო ერნანდეს დე კოსმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ ომი უკრაინაში პანდემიის შემდგომ აღდგენაზე უარყოფითად იმოქმედებს. Bundesbank-ის პრეზიდენტი იოახიმ ნაგელი კი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ინფლაცია დაჩქარდება და ეკონომიკური ზრდა შეფერხდება, სტაგფლაცია მოსალოდნელი არ არის.

ლაგარდის თქმით, რუსეთის შეჭრამ „ევროპას ჩრდილი მიაყენა“. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკაზე ომის ზემოქმედების შეფერხება ფისკალურ პოლიტიკას შეუძლია, თუმცა ინფლაციური გავლენა დამოკიდებული იქნება მთავრობების მხარდაჭერაზე.

დღევანდელი OECD-ის ანგარიშის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის 0,5%-იანი მიზნობრივი ფისკალური ზრდა ხელს შეუწყობს ომით გამოწვეული შედეგების შემცირებას, ისე, რომ ფასებზე ზეწოლა თავიდან იქნეს არიდებული. ომს შეუძლია გლობალური ზრდა 1 პროცენტულ პუნქტზე მეტად შეაფერხოს. 

გასულ კვირას გამოქვეყნებული ECB-ის განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2022 წელს მოსალოდნელია ნელი ეკონომიკური განვითარება და უფრო სწრაფი ინფლაცია.

მიმდინარე კვირაში მნიშვნელოვანი იყო ZEW ინდექსის სიგნალი, რომლის მიხედვითაც, გერმანიაში ინვესტორების ნდობა პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.  

დღეს გამოქვეყნებული ევროზონის ინფლაციის მონაცემების მიხედვით, ფასები ოდნავ მეტად გაიზარდა, ვიდრე თავდაპირველად თებერვალში იყო შეფასებული. გასულ წელთან შედარებით, ინფლაცია 5.9%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ენერგიის ხარჯების ზრდას უკავშირდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ ვებერი