
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, Ukrainian East Village Restaurant-ის გაყიდვები 60%-ით გაიზარდა. მილიონობით ლტოლვილისა და ათასობით მსხვერპლის სურათებმა ნიუ-იორკელებს მხარდაჭერის გამოსახატად უკრაინული რესტორნებისკენ უბიძგა.
ამასთან, უკრაინული ბიზნესების გაყიდვები და მომხმარებელთა რაოდენობა მთელ ნიუ-იორკში გაიზარდა. ხშირ შემთხვევაში ბიზნესები თანხებს ორგანიზაციებს გადასცემენ, რომლებიც უკრაინაში ადამიანებს ეხმარებიან.
Ukrainian East Village Restaurant-ის გვერდით გაყიდვების ზრდა ასევე დააფიქსირა Veselka-მ, რესტორანს ესტუმრა ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსიც.
ბრუკლინში, Varenyk House-ის მფლობელი სტეპან როგულსკი ამბობს, რომ რესტორანი გაზრდილი მომხმარებლების რაოდენობის გამო დამატებით პერსონალს ეძებს.
University of North Carolina-ს სლავური, ევრაზიული და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის მკვლევრის, ოლე ვოლოვინას მიხედვით, უკრაინელთა პირველმა ტალღამ აშშ-ში ემიგრაცია 1890-იან წლებში დაიწყო და ამჟამად ქვეყანაში 1,1 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს. ნიუ-იორკში აშშ-ს უდიდესი უკრაინული თემი ცხოვრობს, სადაც 140 000-ზე მეტი ადამიანია კონცენტრირებული ისტ ვილიჯისა და ბრაიტონ ბიჩის უბნებში.
Ukrainian East Village Restaurant-მა ყოველკვირეული გაყიდვების ნაწილი ჰუმანიტარული ძალისხმევის მხარდასაჭერად გამოყო. ჯერჯერობით, რესტორანმა გაყიდვებიდან უკრაინის დასახმარებლად $10,000 გაიღო. სასადილო უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მხარდასაჭერად უფრო მეტ დაფინანსების ღონისძიებებს გეგმავს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პაულინა კაჩერო