
2016 წლის შემდეგ პირველად, თურქ და ბერძენ დიპლომატებს შორის საზღვაო საზღვრის შესახებ მოლაპარაკება გაიმართება. დღეს დაგეგმილი 61-ე რაუნდი ევროკავშირისა და NATO-ს ზეწოლის შედეგად მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საზღვაო ტერიტორიების შესახებ დავამ 2020 წლის ზაფხულში ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება გამოიწვია.
თურქეთსა და საბერძნეთს შორის უთანხმოების თემად მოლაპარაკების დღის წესრიგიც იქცა. შეხვედრა მრავალწლიანი კონფლიქტის განმუხტვას ისახავს მიზნად, რაც სანაპირო ტერიტორიების სუვერენიტეტის საკითხს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური მოლოდინი დაბალია, დიალოგის გაგრძელება უკვე წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. ხელახალი ესკალაცია კი თურქეთისთვის ევროკავშირის მხრიდან ახალი სანქციების დაწესების საფუძველი შეიძლება გახდეს.
საბერძნეთი თურქეთთან „ნებაყოფლობით“, „საერთაშორისო სამართლის შესაბამისად განიხილავს იმ საკითხებს, რომლებზეც ორი ქვეყანა ათეულობით წელია ვერ თანხმდება, კერძოდ, ეგეოსის ზღვასა და აღმოსავლეთ შუაზღვისპირეთში საზღვაო ზონების დელიმიტაციის საკითხს“ - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა. მან საბერძნეთის სუვერენიტეტის საკითხის განხილვა კატეგორიულად გამორიცხა.
საბერძნეთის მხარე აცხადებს, რომ შეხვედრის მიზანია „კონვერგაციის წერტილების“ შესწავლა, რომლის მიზანი სამომავლო მოლაპარაკებებისთვის საფუძვლის მიცემაა. განსაკუთრებით კი ეგეოსის ზღვასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ეკონომიკური ზონის დელიმიტაციის საკითხი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შედგება „ერთობლივი ტექსტი, რომელიც შემდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წარედგინება“.
ორ ქვეყანას შორის უთანხმოების კიდევ ერთი დიდი საკითხი ჩრდილოეთ კვიპროსია. თურქეთი მას 1974 წლიდან აკონტროლებს. კვიპროსი და საბერძნეთი აცხადებენ, რომ თურქეთი მათ სუვერენიტეტს არღვევს და ევროკავშირისგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ. ამ საკითხზე ევროკავშირში ერთიანი პოზიცია არ არსებობს, რადგან ბლოკის წევრთა ნაწილი თურქეთთან ურთიერთობის ესკალაციას თავს არიდებს.
ბოლო თვეების განმავლობაში ერდოღანმა ევროკავშირის მიმართ კონფრონტაციული რიტორიკა შეარბილა და განაცხადა, რომ ბლოკთან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება სურს. თურქეთის მთავრობამ საბერძნეთის კუნძულებთან 15 ივნისამდე შეზღუდა საკუთარი ენერგეტიკული საძიებო ხომალდის საქმიანობა, მას შემდეგ, რაც მისმა საქმიანობამ საბერძნეთის გაღიზიანება გამოიწვია.
იმავდროულად, კვიპროსი, საბერძნეთი და საფრანგეთი ერთობლივად მუშაობენ თურქი ჩინოვნიკების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე. არსებული სანქციები ამ ეტაპზე მხოლოდ ორ პირს ეხება და არ აქვს არანაირი გავლენა თურქეთის ეკონომიკაზე.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სელქან ჰაკაოღლუ და პოლ ტუგველი