
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით რუსეთის ფედერაციასთან ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
"სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან. 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში",- აცხადებს სააგენტო.
ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას გამოეხმაურა "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები". კომპანიის განცხადებით, ის არ გეგმავს რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს.
"სანტე" ასევე აცხადებს, რომ კომპანია აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებში.