LIVE

JPMorgan: რუსეთის ეკონომიკას 1998 წლის მსგავსი კოლაფსი ელის

05 მარ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1210
JPMorgan: რუსეთის ეკონომიკას 1998 წლის მსგავსი კოლაფსი ელის

რუსეთი ეკონომიკური კოლაფსისკენ მიექანება და ეს ძალიან გავს 1998 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ ეკონომიკური ვარდნის სცენარს.

1998 წლის კრიზისს წინ უძღოდა პირველი ომი ჩეჩნეთში, რომელიც რუსეთს მილიარდობით დოლარი დაუჯდა. კრიზისი იმით დასრულდა, რომ მთავრობამ ცენტრალურ ბანკთან ერთად რუბლი გააუფასურა და დეფოლტი გამოაცხადა, ანუ მორატორიუმი დააწესა შიდა და საგარეო ვალის გასტუმრებაზე. 

რაც პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, ეკონომისტები აქვეყნებენ პროგნოზებს, თუ რა ელის ამჟამად მსოფლიოს ნომერ მე-11 ეკონომიკას, თუმცა მოლოდინები ცვალებადია.

JPMorgan Chase-ის ეკონომისტებმა კლიენტებთან გაგზავნილ ანგარიშში აღნიშნეს, რომ რუსეთის ეკონომიკის 7%-იან ვარდნას ელიან, რაც ემთხვევა Goldman Sachs-ის პროგნოზს. Bloomberg Economics-ის პროგნოზით კი რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 9%-ით შემცირდება. ეს იმ ფონზე, როცა 1998 წელს სავალო კრიზისის გამო რუსეთის ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა.

დასავლეთმა რუსეთს რეზერვები გაუყინა, დაფინანსება, ვაჭრობა და მოგზაურობა შეუზღუდა. რუსეთის მთავრობამ კი დასავლური სანქციების საპასუხოდ კაპიტალის კონტროლი გაამკაცრა, საპროცენტო განაკვეთები გააორმაგა, სხვა საგანგებო ზომები მიიღო. ეს ყველაფერი რუსეთის ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს.

"სანქციები აზარალებს სტაბილურობისთვის აუცილებელ ორ ძირითად ქვაკუთხედს: ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვებს და რუსეთის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტს," განმარტავს JPMorgan-ის ეკონომისტი ბრიუს კასმანი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული აგრესიის გეოპოლიტიკური და ჰუმანიტარული შოკი ახლა ბევრად მასშტაბურია, ვიდრე 1998 წელს, ინვესტორების აზრით, რუსეთს ამჟამად მეტი შესაძლებლობა აქვს დეფოლტისგან თავის დასაღწევად. მით უმეტეს იმ პირობებში, თუ სანქციები კიდევ უფრო მეტად არ გამკაცრდება და არ შეეხება რუსული ენერგომატარებლების ექსპორტს. 

"გრძელვადიანობა უფრო მეტი პრობლემის მომტანი იქნება რუსეთისთვის. რაც უფრო მეტ ხანს გასტანს სანქციები და რაც მეტად გავრცელდება ბუნებრივ აირზე თუ ნავთობზე, მით მეტი დრო დასჭირდება რუსეთს კაპიტალის ბაზრის აღსადგენად. ვალუტის დასუსტება, რასაც ახლა ვაკვირდებით ცალსახად გააძლიერებს ინფლაციურ პროცესებს, მით უფრო თუ ეკონომიკა დიდ ხანს დარჩება იზოლირებული დანარჩენი სამყაროსგან. ამიტომ რთული არ არის, წარმოვიდგინოთ იგივე სცენარის განმეორება, რაც ვნახეთ 1998 წლის შემდეგ” განაცხადა State Street Global Markets-ის სტრატეგისტმა, ტიმ გრაფმა.

Bloomberg Economics-ის გათვლებით, თუ დასავლეთი რუსულ ენერგომატარებლებსაც დაბლოკავს, ქვეყნის ეკონომიკური ვარდნა წელს 14%-ს მიაღწევს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია