
მაშინ, როცა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, რუბლი უფასურდება და საფონდო ბირჟები იხურება, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები თავიანთი დანაზოგებისთვის ღირებულების შენარჩუნების მიზნით ძვირფას სამკაულებსა და საათებს ყიდულობენ.
იტალიური საიუველირო სახლის Bulgari-ის წარმომადგენელი, ჟან-კრისტოფ ბაბინი ადასტურებს, რომ რუსულ მაღაზიებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაყიდვები გაიზარდა, თუმცა ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, დიდხანს ვერ შენარჩუნდება.
"რამდენ ხანს გაგრძელდება, ძნელი სათქმელია, რადგან SWIFT-ის ზომების სრულად განხორციელებით, რუსეთში ექსპორტი შეუძლებელი თუ არა, მინიმუმ რთული გახდება",- თქვა მან.
Bulgari არ არის ერთადერთი ბრენდი, რომელიც რუს მომხმარებელს ძვირფას ნივთებს ამ დრომდე სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ Apple, Nike, ენერგეტიკული გიგანტები BP, Shell და Exxon რუსეთს ტოვებენ, ევროპის ყველაზე დიდი ფუფუნების ბრენდები, ჯერჯერობით, ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელებას ცდილობენ.
Cartier რუსეთში კვლავ ყიდის სამკაულებს და საათებს. ასევე ხელმისაწვდომია Swatch Group-ში შემავალი Omega საათები, ისევე როგორც Rolex-ის საათები.
"ჩვენ იქ რუსი ხალხისთვის ვართ და არა პოლიტიკური სამყაროსთვის. ჩვენ ვმუშაობთ ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებსაც გაურკვევლობისა და დაძაბულობის პერიოდი აქვთ",- ამბობს ბაბინი.
ოქროს მსგავსად, ძვირადღირებული საათები და სამკაულები მინიმუმ ინარჩუნებენ ღირებულებას წლების მანძილზე. მეტიც, მათი ფასი შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.
ანალიტიკოსების გათვლებით, რუსეთსა და საზღვარგარეთ მყოფ რუსებზე LVMH-სა და Swatch Group-ის მთლიანი შემოსავლის 2%-ზე ნაკლები, Richemont-ის შემთხვევაში კი 3%-ზე ნაკლებს მოდის.
ეს ნაწილობრივ განპირობებულია რუსეთში შემოსავლებისა და სიმდიდრის უთანასწორობით. მოსკოვში მცხოვრები ადამიანების საშუალო თვიური ანაზღაურება დაახლოებით 113,000 რუბლია ($1,350 ომამდე კურსის მიხედვით). გაცილებით დაბალია სოფლებში მცხოვრები ხალხის შემოსავალი.
რუსეთში ამ დრომდე დარჩენილ ბრენდებზე საზოგადოებრივი ზეწოლა იზრდება. LVMH-ის მიერ მხარდაჭერილი გამოცემა Business of Fashion ბრენდებს მოუწოდებს დახურონ მაღაზიები რუსეთში და არ გაუგზავნონ პროდუქტი ინტერნეტით. მთავარი რედაქტორი იმრან ამედმა ამბობს, რომ ეს ნაბიჯი "ძირითადად სიმბოლური" იქნება, მაგრამ აჩვენებს "პოზიციისადმი მტკიცე მორალურ ერთგულებას".
Balenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დემნა გვასალიაა, პარიზში შემოდგომა/ზამთრის ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე Instagram-ის გვერდიდან მოდასთან დაკავშირებული ყველა პოსტი წაშალა. მის ადგილას უკრაინის დროშა და ქველმოქმედებისკენ მოწოდება გამოაქვეყნა.
LVMH-მ განაცხადა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 5 მილიონ ევროს გადასცემს, ხოლო უკრაინაში თავის 150 თანამშრომელს ფინანსურ და ოპერატიულ დახმარებას გაუწევს.
LVMH-ის ჯგუფში შემავალი Bulgari, რომელიც რუსეთში მაღაზიების დახურვას არ გეგმავს, არ გამორიცხავს, რომ რუბლის გაუფასურების პირობებში პროდუქტები გააძვიროს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი:ფლავია როტონდი, ანჯელინა რასკუეტი და ენდი ჰოფმანი