LIVE

რუსული აქციების ფასი რეკორდულად ეცემა, ბაზარმა $250 მილიარდი დაკარგა

24 თებ 202214:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1049
რუსული აქციების ფასი რეკორდულად ეცემა, ბაზარმა $250 მილიარდი დაკარგა
Alexander Avilov / Moskva News Agency

ვიდრე რუსეთი უკრაინას ესხმის თავს, რუსული კომპანიების აქციებზე ფასი მკვეთრად ეცემა. ბაზარმა ჯამურად $250 მილიარდი დაკარგა. 

რუბლი რეკორდულად, 9.4%-ით გაუფასურდა და ერთი დოლარი 89.60 რუბლი ღირს, ხოლო საჯარო კომპანიების აქციებზე ფასის ვარდნა 45%-ს შეადგენს. რუსეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციას განახორციელებს, გასული წლების განმავლობაში პირველად. 

"მნიშვნელოვანი გაუფასურება მოსალოდნელია, დოლარი-რუბლის კურსის 100-იან ნიშნულზე მისვლაც სრულიად დასაშვებია. არ მგონია, ინტერვენციები გამოსავალი იყოს, ამის შედეგად მხოლოდ უკიდურესი გაუფასურების შეკავება თუ გახდება შესაძლებელი. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გახდება საჭირო," განაცხადა Commerzbank-ის სტრატეგისტმა, ულრიხ ლოიხტმანმა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რუსეთის ცენტრალურ ბანკს არ უხსენებია, მაგრამ თქვა, რომ რეფინანსირების აუქციონზე დამატებით ლიკვიდობას მიაწვდის ბანკებს რისთვისაც 1 ტრილიონი რუბლი (11,5 მლრდ დოლარი) გამოყო. 

ეცემა რუსეთის სუვერენული ბონდებიც, სავალუტო ოფშენები კი 50%-იან ალბათობას აჩვენებს, რომ მეორე კვარტალში, რუბლის გაცვლითი კურსი დოლართან 100-იან ნიშნულს მიაღწევს. 

ამჯერად, რუსეთის ცენტრალური ბანკი უფრო მოზომილ ნაბიჯებს დგამს, ვიდრე რვა წლის წინ, როცა რუსეთმა უკრაინასთან კონფლიქტი წამოიწყო. მაშინ საპროცენტო განაკვეთი რუსეთის პარლამენტის მიერ უკრაინაში შეიარაღებული მოქმედებების დაწყების დამტკიცებიდან მალევე გაიზარდა. ამას თან დაერთო ნავთობის ფასის ვარდნა იმავე წელს და საბოლოოდ რუსეთის ცენტრალურ ბანკს განაკვეთის 17%-მდე გაზრდა დასჭირდა სავალუტო კრიზისის შესაჩერებლად. 

პიოტრ მატისი, InTouch Capital Markets-ის უფროსი სავალუტო სტრატეგისტი ამბობს, რომ ახლა სესხების გაძვირება შესაძლოა არ განიხილებოდეს, თუმცა სამომავლოდ ეს ნაბიჯი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად გაუფასურდება რუბლი.

"თუ რუსეთის ეროვნული ვალუტა სწრაფად მიაღწევს და გადააჭარბებს 100-იან ნიშნულს დოლართან, განაკვეთების ზრდის პერსპექტივა დღის წესრიგში დადგება. რუბლის გაუფასურების ტემპი და მასშტაბი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება," განაცხადა მან. 

საგულისხმოა ისიც, რომ 2014 წელს, უკრაინის კრიზისის დასაწყისში, რუსეთის საგარეო ვალი ბევრად აღემატებოდა მის სავალუტო რეზერვებს, ახლა ეს ტენდენციაა პირიქითაა. ცენტრალურ ბანკს შესაძლოა წამყვანი რუსული კომპანიებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაც დასჭირდეს იმ ფონზე, როცა რუსული ბანკები დასავლური სანქციების ერთ-ერთი ძირითადი სამიზნეა. 

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, რომელმაც ბოლო სავალუტო ინტერვენცია სწორედ 2014 წელს განახორციელა, შესაძლოა, სხვა გზებსაც მიმართოს ბაზრის დასამშვიდებლად. Renaissance Capital-ის ეკონომისტი მოსკოვში, სოფია დონეცი ამბობს, რომ შესაძლო ვარიანტებს შორის არის შეზღუდვების დაწესება ტრანს-სასაზღვრო კაპიტალის მოძრაობაზე და აქტივების შესყიდვაზე.