უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, აღინიშნა, რომ ქვეყანამ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების პიკი გადაიარა, რაც შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობას იძლევა.
საბჭოს გადაწყვეტილებით:
• 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%;
• პირველი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოსული უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის/რეზიდენტისთვის, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე), იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი;
• ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR-ტესტით შემოსვლის შემთხვევაში, იხსნება მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულება, ხოლო PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში, არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე;
• რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნესვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაციები;
• კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 15 ადამიანი (არსებული 10-ის ნაცვლად);
• დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 10 ადამიანი (არსებული 6-ის ნაცვლად);
• უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა;
• სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი) გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით - დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან - 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში - ერთ მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება;
• პირველი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდ-სასტუმროები. აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა დღეიდან შეჩერდება;
• უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება;
• უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება;
• უქმდება ბუფეტის მომსახურებაზე შეზღუდვა;
• 4 მარტიდან დასაშვებია კლუბების ფუნქციონირება - ღონისძიების საერთო ფართის 60%-იანი დატვირთვით;
• 15 მარტიდან დასაშვებია კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება შეზღუდვების გარეშე;
დღესვე ცნობილი გახდა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველკვირეული სიხშირის ნაცვლად, 2 კვირაში ერთხელ გაიმართება. მთავრობის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების შესაბამისად მიიღებს.