LIVE

საქართველოში 1 მზისა და 4 ჰიდროელექტროსადგური აშენდება

21 თებ 202214:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 1487
საქართველოში 1 მზისა და 4 ჰიდროელექტროსადგური აშენდება

საქართველოში მზისა და ჰიდროელექტროსადგურები აშენდება. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ დღეს გამოსცა. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა შიდა ქართლშია დაგეგმილი, ხოლო 4 ჰიდროელექტროსადგური ქვემო ქართლის რეგიონში განთავსდება.  

მთავრობის ინფორმაციით, ხუთივე სადგურის მშენებლობისთვის, ჯამში 15 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციაა გათვალისწინებული. 

როგორც "ბიზნეს ფორმულას" ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, მზის ელექტროსადგური გორის მუნიციპალიტეტში აშენდება. „ქვახვრელის მზის ელექტროსადგურის“ დადგმული სიმძლავრე 5,32 მგვტ იქნება. გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა კი, 8,23 მლნ კვტ.სთ. პროექტის განსახორციელებლად 3,813 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, „მაშავერა 1 ჰესის“, „მაშავერა 2 ჰესისა“ და „მაშავერა 3“-ის ჰიდროელექტროსადგურებს კომპანია „მომავლის ენერგია“ ააშენებს. თითოეული მათგანის დადგმული სიმძლავრე 1,85 მგვტ იქნება. გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა კი 8,6 მლნ კვტ.სთ. „მაშავერა 1 ჰესისა“ და „მაშავერა 2 ჰესის“ მშენებლობისთვის 2,61 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯებს. „მაშავერა 3“-ის შემთხვევაში კი ინვესტიციის მოცულობა 2.5 მლნ აშშ დოლარი იქნება.

მეოთხე ჰიდროელექტროსადგურის - „მაშავერა ჰესის“ მშენებლობის პროექტს კომპანია „მაშავერა-ჰესი“ განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 1,95 მგვტ იქნება. გამომუშავებული ელექტროენერგია - 10,377 მლნ კვტ.სთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3,42 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.