LIVE

AstraZeneca-ს სარძევე ჯირკვლის კიბოს წამლის კვლევამ პოზიტიური შედეგი აჩვენა

21 თებ 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 2466
AstraZeneca-ს სარძევე ჯირკვლის კიბოს წამლის კვლევამ პოზიტიური შედეგი აჩვენა
Business Wire/AP Photo

AstraZeneca-მ დღეს პრეპარატ Enhertu-ს კლინიკური კვლევის გვიანი სტადიის მონაცემები გამოაქვეყნა. ცდის შედეგები აჩვენებს, რომ ის სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადებულ პაციენტებს სიცოცხლის გახანგრძლივებაში ეხმარება.

მწარმოებლის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთმა თერაპიამ დაბალი HER2 სტატუსის მქონე პაციენტებში სარგებელი აჩვენა. 

ონკოლოგიის კვლევისა და განვითარების საკითხებში კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის სიუზან გალბრეიტის თქმით, შედეგებმა "შეიძლება შეცვალოს ძუძუს კიბოს კლასიფიკაცია და მკურნალობა". 

Enhertu განეკუთვნება უახლესი თაობის სამკურნალო საშუალებების ოჯახს, რომლის სამიზნეა HER2 – ცილა, რომელიც ხელს უწყობს ზოგიერთი ძუძუს კიბოს ზრდას.

კომპანია განიხილავს წამლის პოტენციალს კუჭის, ფილტვის და სხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ.

სექტემბერში AstraZeneca-მ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც კონკურენტის პრეპარატთან შედარებით მის უპირატესობას აჩვენებს. პაციენტებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების კუთხით, Enhertu-ს მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა Roche Holding-ის Kadcyla-სთან შედარებით.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიის აქციები ლონდონში ვაჭრობის ადრეულ ეტაპზე 2.2%-ით გაიზარდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: თომას მულიერი და ჯეიმს პატონი