
აშშ-ს მასშტაბით Covid-19-ის მანდატების შემსუბუქების პარალელურად, Coachella და Stagecoach-ი ფესტივალის დამსწრეებისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების და ნიღბების მოთხოვნას აუქმებს.
ორი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ღია სივრცეში ტარდება, Covid-19-ის უსაფრთხოების ნორმების დაცვას აღარ მოითხოვს, მათ შორის არც ტესტირებას.
Coachella-მ ინფორმაცია მისი საიტის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და წესების განახლებულ განყოფილებაში გააზიარა.
Stagecoach-ი "ქანთრი" მუსიკის ფესტივალია, რომელიც კალიფორნიაში ყოველწლიურად იმართება. წლევანდელი ღონისძიება 29 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ფესტივალის მთავარი შემსრულებლები იქნებიან თომას რეტი, კერი ანდერვუდი და ლუკ კომბსი.
Coachella ასევე კალიფორნიის შტატში იმართება და ორ შაბათ-კვირას გაგრძელდება: 15 აპრილიდან 17 აპრილამდე და 22 აპრილიდან 24 აპრილამდე.
ფესტივალის წლევანდელი ჰედლაინერები ბილი აილიში, ჰარი სტაილსი და კანიე "იე" უესტი არიან.
ცნობისთვის, კალიფორნიის ორი უდიდესი მუსიკალური ფესტივალი ბოლო ორი წლის განმავლობაში პანდემიის გამო გაუქმდა.