LIVE

რას უმზადებს პანდემია მსოფლიოს

20 თებ 202211:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 1073
რას უმზადებს პანდემია მსოფლიოს
Bloomberg

მსუბუქი ინფექციების უზარმაზარი ტალღის ფონზე, მსოფლიოს ქვეყნები პანდემიურ შეზღუდვებს ხსნიან. იქმნება მოლოდინი, რომ პანდემია დასასრულს უახლოვდება. თუმცა შესაძლოა, საქმე ასე სულაც არ იყოს.

მომდევნო ექვს თვეში ბევრი მდიდარი ქვეყანა გამოაცხადებს პანდემიას ენდემურად. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირბადეები წარსულს ჩაბარდება.

დარჩება თუ არა Covid-19 ჩვენთან?

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვირუსი მთლიანად არასდროს გაქრება. ამის ნაცვლად ის განაგრძობს განვითარებას და წარმოქმნის ინფექციის ახალ ტალღებს. მუტაცია შესაძლებელია ყველა ჯერზე, როდესაც პათოგენი გამრავლდება. შესაბამისად, მზარდი შემთხვევები ყველას საფრთხეში აყენებს.

ამასთან, ვირუსის გადატანა არ ნიშნავს, რომ ინფიცირება არ განმეორდება. Covid-ის გადატანა ხანგრძლივ იმუნიტეტს არ ანიჭებს.

მზადება ახალი ვარიანტებისთვის

ვირუსის ახალი შტამებისთვის მომზადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამიტომ, ჩაკეტვები და და სამოგზაურო შეზღუდვები ახლო მომავალში არ გაქრება, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში შესაძლოა შემსუბუქდეს.

ინოკულაცია ჯერ კიდევ არის მსოფლიოს მთავარი თავდაცვის ხაზი Covid-ის წინააღმდეგ. მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობის 62%-ზე მეტმა მიიღო აცრის პირველი დოზა, თუმცა ზოგადი სტატისტიკა გაცილებით მაღალია მდიდარ ქვეყნებში, ვიდრე განვითარებად მსოფლიოში. ამ ტემპით, მსოფლიო მოსახლეობის 75%-ის პირველი დოზით აცრას კიდევ 5 თვე დასჭირდება.

არათანაბარი წვდომა ვაქცინებზე

კვლევები აჩვენებს, რომ ერთი ან ორი დოზა არ არის საკმარისი პათოგენისგან დაცვისთვის. საუკეთესო სვლა ამ ვითარებაში "ბუსტერ" დოზაა, რომელიც გამანეიტრალებელი ანტისხეულების გამომუშავებას და უფრო ღრმა იმუნურ პასუხს იწვევს.

ამასთან, ტრადიციული მეთოდით შექმნილი ვაქცინებით, მაგალითად ჩინური Sinovac-ის ვაქცინით აცრილებს, სულ მცირე 2 "ბუსტერ" დოზა დასჭირდებათ, სასურველია სხვა ვაქცინებით.

მომავალ 6 თვეში მეტი ქვეყანა განიხილავს, აცრას თუ არა მოსახლეობა მეოთხე დოზით. ისრაელმა პროცესი უკვე დაიწყო, ხოლო აშშ მხარს უჭერს რისკ ჯგუფებში მყოფი ადამიანების მეოთხე დოზით აცრას. თუმცა, ინდოეთი ეწინააღმდეგება და უარს აცხადებს "ბრმად გაყვეს" სხვა ქვეყნებს.

როდის გვეცოდინება, რომ Covid-19-ის კრიზისი დასრულდა

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი უსასრულოდ არ გადატვირთავს საავადმყოფოებს და გამოიწვევს შეზღუდვებს, ჯერ არ არის ნათელი როდის, ან როგორ გვეცოდინება, რომ შეგვიძლია მოვდუნდეთ.

ექსპერტები, რომლებსაც Bloomberg News-ი ესაუბრა თანხმდებიან, რომ განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-სა და ევროპის დიდ ნაწილში, ვირუსი 2022 წლის მეორე ნახევრიდან შესაძლოა მართვადი გახდეს. გაუმჯობესდება წვდომა Pfizer-ის Paxlovid-ის აბებზე, ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტები უფრო მარტივად იქნება ხელმისაწვდომი და ხალხი შეეჩვევა აზრს, რომ Covid-ი არსად მიდის.

როდის დასრულდება პანდემია?

მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში პანდემია დასასრულისგან შორსაა.

ახალი ვარიანტების საფრთხე ყველაზე მაღალია ნაკლებად მდიდარ ქვეყნებში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც იმუნური დაავადებები უფრო ხშირია. დელტას მუტაცია პირველად ინდოეთში გამოვლინდა, ხოლო ომიკრონი სამხრეთ აფრიკაში გაჩნდა HIV პაციენტში ქრონიკული Covid ინფექციის დროს.

ცხოვრება პანდემიის შემდეგ

მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა ჩამოყალიბდეს იმის განცდა, თუ როგორი იქნება Covid-თან ერთად ცხოვრება. ზოგი ქვეყანა მის არსებობას სრულად დაივიწყებს. სხვები შესაძლოა ყოველ ზამთარს პირბადეებს დაეყრდნონ.

სავარაუდოდ, ყოველწლიური Covid ვაქცინა მოსახლეობისთვის გრიპის აცრასთან ერთად იქნება შეთავაზებული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მიშელ ფეი კორტეზი