
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ COVID-19-ის არსებული რისკების მიუხედავად, დროა შეერთებულმა შტატებმა ნორმალური ცხოვრებისკენ სწრაფვა დაიწყოს.
Reuters-თან ინტერვიუში ფაუჩიმ თქვა, რომ სახელმწიფოები რთული არჩევანის წინაშე დგანან, მათ უწევთ მოქალაქეები ინფექციებისგან დაიცვან და თან გაიაზრონ, რომ პანდემია მე-3 წელია აქტიურია და ხალხი ამით დაიღალა.
"ამისთვის სრულყოფილი გამოსავალი არ არსებობს",- თქვა ფაუჩიმ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა და თეთრი სახლის COVID-19 რეაგირების ჯგუფის წევრმა.
მისივე თქმით, ყველაფერზე ერთბაშად უარის თქმა უგუნურება იქნება, მაგრამ ცხოვრების ნორმალიზებისკენ სვლა უნდა დაიწყოს.
"ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზეგავლენა, ბავშვების განვითარებაზე გავლენა, გავლენა სკოლებზე - ეს აბალანსებს მცდელობას იყო ინფექციისგან სრულიად ხელუხლებელი და დაცული? მე არ მაქვს ამაზე სწორი პასუხი“,- თქვა მან.
ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ COVID-19-ზე რეაგირების ახალ სახელმძღვანელო წესებს ამზადებენ. ამას მოჰყვა რამდენიმე შტატის, მათ შორის ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკის, კალიფორნიის, კონექტიკუტის, დელავერის და ორეგონის განცხადებები, რომ სკოლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში პირბადის ტარების ვალდებულება უახლოეს კვირებში გაუქმდება.