
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” (WHO) ევროპის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯანდაცვის სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების მზარდ მაჩვენებლებზე აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ექვს ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში ბოლო ორ კვირაში ახალი შემთხვევები გაორმაგდა.
ევროპაში ინფიცირების 165 მილიონზე მეტი და გარდაცვალების 1,8 მილიონზე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 25,000 შემთხვევა გასულ კვირაზე მოდის.
ჰანს კლუგეს თქმით, ომიკრონის ტალღა აღმოსავლეთისაკენ მოძრაობს.
"დღეს ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ევროპის რეგიონის აღმოსავლეთით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, COVID-19-ის შემთხვევები გაორმაგდა რეგიონის ამ ნაწილის ექვს ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, რუსეთის ფედერაცია და უკრაინა)",- თქვა კლუგემ და ომიკრონის ვარიანტის ზრდაზე მიუთითა.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ ევროპაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია. მან მთავრობებს და ჯანდაცვის მუშაკებს მოუწოდა გამოიკვლიონ მიზეზები, რომლებიც ხელს უშლის ვაქცინაციას და მიიღონ ზომები ვაქცინაციის მაჩვენებლების სასწრაფოდ გასაზრდელად.
მისივე თქმით, "ახლა არ არის ის მომენტი, რომ გავაუქმოთ პანდემიის ზომები, რომლებიც დანამდვილებით ვიცით, რომ მუშაობს ვირუსის გავრცელების შესამცირებლად.”
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია