LIVE

დუმა პუტინს მიმართავს, აღიაროს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა

15 თებ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1921
დუმა პუტინს მიმართავს, აღიაროს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა

რუსეთის პარლამენტი მიმართავს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აღიაროს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა.

“ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხი. ვაშინგტონი ამძაფრებს დაძაბულობას, აწვდის უკრაინას იარაღს ევროპულ ქვეყნებთან ერთად, კიევი აგრძელებს მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობას. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების და თანამემამულეების სიცოცხლეს”,- განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ. 

რუსეთის დუმა აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა ცხოვრობს დაბომბვის ქვეშ, მილიონობით ადამიანი გახდა ლტოლვილი, უკრაინის ხელისუფლებამ შეწყვიტა პენსიებისა და სოციალური შეღავათების გადახდა და მოსახლეობასა და საწარმოებს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა.

შესაბამისად, “სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარება მართებულად და მორალურად გამართლებულად მიიჩნიეს. გასული წლების განმავლობაში, ხალხის ნების საფუძველზე, რესპუბლიკებში დაფუძნდა დემოკრატიული ორგანოები და სახელმწიფოები ლეგიტიმური ძალაუფლების ყველა ატრიბუტით”,- ნათქვამია მიმართვაში. 

რუსეთის დუმის დეპუტატების თქმით, “აღიარება შექმნის საფუძველს მათი ხალხების უსაფრთხოების, გარე საფრთხეებისგან და რესპუბლიკების მცხოვრებთა წინააღმდეგ გენოციდის განხორციელებისგან დაცვისთვის, ასევე გააძლიერებს საერთაშორისო მშვიდობასა და რეგიონულ სტაბილურობას გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად და დაიწყებს ორივე სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარების პროცესს”.