LIVE

ლარის გამყარება როგორც ნაციონალური იდეა - მოსაზრება

09 თებ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1942
ლარის გამყარება როგორც ნაციონალური იდეა - მოსაზრება

დოლარს საქართველოში საკრალური მნიშვნელობა აქვს. ის საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, ეროვნული კუპონისა და შემდეგ ლარის გაუფასურებისგან გაქცევის ინსტრუმენტს წარმოადგენს. როგორც 30 წლის წინ, ისევე დღეს, ნებისმიერი სერიოზული ტრანზაქცია, იქნება ეს ბინის თუ მანქანის ყიდვა/გაყიდვა, ან ინვესტორთან შეთანხმება, დოლარში სრულდება, ხოლო ლარს მხოლოდ იმიტომ ვიყენებთ, რომ ამას კანონი ითხოვს. მთავრობაც კი, ხშირად დოლარში აფორმებს კონტრაქტებს (მაგალითად, ელექტროენერგიის ბაზარზე), რადგან თვითონაც ერიდება ლარის არაპროგნოზირებადობას.

ზუსტად აქედან ჩნდება აღქმა, რომ დოლარის გაიაფება კარგია, ხოლო გაძვირება - ცუდი. თუ დოლარი ნამდვილი ფულია, მაგრამ მთავრობა გვაიძულებს ლარი გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა კარგია, როცა ნამდვილი ფული მეტად ხელმისაწვდომი ხდება და გულდასაწყვეტი, როცა ჯიბეში მხოლოდ „ეროვნული სიამაყე“ გრჩება. იგივე სტერეოტიპული აღქმა დოლარის კურსისადმი მუდმივ ინტერესს განაპირობებს, და ხშირად დოლარის ფასის ირგვლივ დისკუსიებს მთავარ თემადაც აქცევს.

ახლაც, მაღალი ინფლაციის პირობებში, დოლარის რამდენიმე თვიანმა გამყარებამ ბევრი ადამიანის ყურადღება მიიქცია. ზოგს ის გარკვეულ ფენომენადაც მოეჩვენა, თუმცა თუ დოლარის ფასწარმოქმნის მექანიზმებზე დავფიქრდებით, „ფენომენი“ სრულიად რიგით მოვლენად შეიძლება იქცეს.

დოლარი არა მხოლოდ კიდევ ერთი „ქაღალდის“ ფულია, თუნდაც უფრო მყარი და სანდო, ვიდრე ლარი, ის შინაარსობრივად პროდუქტია, რომელიც მთელი დანარჩენი სამყაროს პროდუქტებში გასაცვლელად გვჭირდება. ზუსტად იმიტომ ვაფასებთ დოლარს, რომ მისი მეშვეობით შეგვიძლია ვიყიდოთ BMW, iPhone და უამრავი სხვა პროდუქტი, რომელიც ჩვენ ძალიან მოგვწონს და წარმოება არ შეგვიძლია. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ დანარჩენ სამყაროს რამე შევთავაზოთ - ღვინო, ჩურჩხელა, სტუმარმასპინძლობა, სანაცვლოდ დოლარები მივიღოთ და მერე ყველა ის სიკეთე შევიძინოთ, რომელსაც მსოფლიო გვთავაზობს. სხვა სიტყვებით, დოლარზე ჩვენი მოთხოვნა შინაარსობრივად დანარჩენი სამყაროს პროდუქტებზე მოთხოვნას წარმოადგენს, ხოლო დოლარების მიწოდება ჩვენი მოქალაქეების შრომის სანაცვლოდ ან ვალის სახით მიღებული დოლარებით ფორმირდება.

ცხადია, როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტზე, დოლარის კურსზე ლარის გაუფასურებაც ახდენს გავლენას, თუმცა ეს გავლენა არ არის იმდენად პირდაპირი, როგორც ხშირად მიიჩნევენ. მაგალითისთვის, 2021 წელს ლარის გაუფასურებამ თითქმის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და შედეგად ფასები საშუალოდ 13.9%-ით გაიზარდა, თუმცა იგივე პერიოდში კომბოსტო გაძვირდა 200%-ით, კვერცხი 37%-ით, სანოტარო მომსახურების ფასი არ შეცვლილა, ხოლო ლიმონი 17%-ით გაიაფდა. განსხვავებულ პროდუქტზე ფასები განსხვავებულად იმიტომ იცვლება, რომ ლარის გაუფასურებასთან ერთან ცალკეული მათგანის ფასზე უამრავი სხვა გარემოებაც ახდენს გავლენას: რომელიღაც პროდუქტზე შეიძლება მოთხოვნა შემცირდეს, მეორეზე გაიზარდოს, სადღაც მიწოდება შემცირდება/გაიზრდება, ეს ყველაფერი კი ადამიანის მიზნებსა და პრეფერენციებზეა დამოკიდებული, რომლებიც მრავალი მიზეზის გამო შეიძლება იცვლებოდეს. იგივე ლოგიკა მუშაობს დოლართან მიმართებით, რომელიც ლარის მსყიდველობითუნარიანობაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ ასევე დოლარის შემოდინებასა და ჩვენი მხრიდან დანარჩენი სამყაროს პროდუქტებზე, ანუ დოლარზე, მოთხოვნაზე. ცალკეულ პერიოდში დოლარის ფასი შეიძლება განსხვავებული მიმართულებებით იცვლებოდეს, ხოლო დოლარის რამდენიმე თვიან გაიაფებაზე დისკუსია ზუსტად იმდენად არის გამართლებული, რამდენადაც გამართლებული იქნებოდა 2021 წელს „USB ფლეშბარათების“ გაიაფებაზე ლაპარაკი, რომლის ფასი, თუ საქსტატს დავუჯერებთ, თითქმის 4%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ თქმულიდან არ გამომდინარეობს ის, რომ დოლარის კურსსა და ლარის გაუფასურებას შორის კავშირი საერთოდ არ არსებობს. ვისაც კარგი მეხსიერება აქვს, ახსოვს დოლარი 2.5 ლარად, 2 ლარად და 1.5 ლარადაც კი. მიუხედავად იმისა, რომ დოლარის ფასზე ყოველ კონკრეტულ დღეს განსხვავებული ფაქტორები მოქმედებს, როცა საქართველოს ეროვნული ბანკი პრინციპულად უარესად მართავს ლარს, ვიდრე ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა დოლარს, ან ევროპის ცენტრალური ბანკი ევროს, ეს საბოლოო ჯამში ამ ვალუტების კურსებზეც აისახება. თუმცა ის, თუ რატომ ირჩევს საქართველოს ეროვნული ბანკი ისეთ მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც ლარის გაუფასურებისკენ არის მიდრეკილი, სხვა და ბევრად უფრო ფართო თემის ნაწილია.

მოსაზრების ავტორი: პარლამენტის წევრი, “გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს Businessformula.ge-ს პოზიციას.