LIVE

აშშ-მ 2016 წელს მოპარული $3,6 მილიარდის ბიტკოინი ამოიღო

09 თებ 202210:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1007
აშშ-მ 2016 წელს მოპარული $3,6 მილიარდის ბიტკოინი ამოიღო

აშშ-მ 2016 წელს Bitfinex-ზე ჰაკერული შეტევის დროს მოპარული $3.6 მილიარდის ბიტკოინი ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა.

ილია ლიხტენშტეინი და მისი მეუღლე ჰეზერ მორგანი სამშაბათს დილით დააკავეს. იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი მოსმენა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული. სავარაუდოდ, ორივე პირმა შეთანხმებულად გაათეთრეს 119,754 მოპარული ბიტკოინი.

Bitfinex-ი მსოფლიოში უდიდეს სტაბილკოინთან, Tether-თან დაკავშირებული ბირჟაა. იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ჰაკერული შეტევის დროს გატანილი ციფრული ვალუტა დაახლოებით $71 მილიონად იყო შეფასებული. დეპარტამენტის განცხადებით, მოპარული ბიტკოინის მთლიანი ღირებულება ახლა დაახლოებით $4,5 მილიარდია.

წყვილმა თანხის ნაწილი ბიტკოინის ბანკომატების მეშვეობით გაიტანა, ნაწილი კი NFT-ების და ოქროს შესაძენად იყო გამოყენებული. მათ ფული Walmart-ის სასაჩუქრე ბარათის შესაძენადაც კი გამოიყენეს.

2016 წლის აგვისტოში, Bitfinex-მა უსაფრთხოების დარღვევის შესახებ გამოაცხადა და ყველა ტიპის ვაჭრობა შეაჩერა. მოგვიანებით კომპანიამ ბლოგპოსტში გაამხილა, რომ მის ზოგიერთ მომხმარებელს ბიტკოინი მოპარეს და ქურდობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა.

ლიხტენშტეინს და მორგანს ფულის გათეთრების ბრალდებით 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გარდა ამისა, მათ ემუქრებათ დამატებით ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა აშშ-ს წინააღმდეგ თაღლითობის მიზნით შეთქმულებისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კრის შტრომი და ოლგა ხარიფი