LIVE

2021 წელს გამარტივებულ შესყიდვებზე ყველაზე მეტი თბილისის მერიამ დახარჯა - TI

08 თებ 202219:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 759
2021 წელს გამარტივებულ შესყიდვებზე ყველაზე მეტი თბილისის მერიამ დახარჯა - TI

2021 წელს გამარტივებული შესყიდვების გზით ყველაზე მეტი თანხა თბილისის მერიამ და მისმა საქვეუწყებო სტრუქტურებმა დახარჯეს. გასულ წელს დიდი მოცულობის თანხა გახარჯა ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მასში შემავალმა საგზაო დეპარტამენტმა. ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ განაცხადა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, გასულ წელს გამარტივებული შესყიდვების გზით ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა შემდეგმა კომპანიებმა მიიღეს:

  • „კავკასუს როუდ პროჯექტ“ - 12.5 მლნ ლარი
  • „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი“ - 11.6 მლნ ლარი
  • „ვია დისტრიბუცია“ - 6.4 მლნ ლარი
  • „უნივერსალ სპირიტს“ - 5.8 მლნ ლარი 
  • „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენ“ - 5 მლნ ლარი
  • სამშენებლო კომპანია „მამისონი“ – 4.7 მლნ ლარი
  • „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 4.5 მლნ ლარი
  • „ინსი“ - 4.5 მლნ ლარი
  • „ომნეს ტური“ - 4.1 მლნ ლარი
  • „სილქნეტი“ - 3.8 მლნ ლარი

„აქედან 4 კომპანიის მფლობელი, ან თავად კომპანია, „ქართული ოცნების“ შემომწირველია. ესენია: „უნივერსალ სპირიტსი“, „ინსი“, სამშენებლო კომპანია „მამისონი“ და „ვისოლი“ - მისი შვილობილი კომპანიის დირექტორი არის შემომწირველი. ყოველთვის ასე ხდება, დიდი კონტრაქტები ვისაც აქვს მიღებული, ამ კომპანიების 40-50% სახელისუფლებო პარტიასთან რაღაც გზით არის დაკავშირებული. ყველაზე ხშირად ეს ხდება შემოწირულობის სახით. პანდემიის დროს ამ გარემოებას ყურადღება უფრო მეტად იმიტომ მივაქციეთ, რომ ვხვდებით, განსაკუთრებით 2020 წელს რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი, თითქმის მთელი წელი ქვეყანაში ლოქდაუნი იყო. ეს ბიზნესმენები კი პარტია „ქართულ ოცნებას“ ეხმარებოდნენ. როდესაც ქვეყანაში პირდაპირი შესყიდვები იზრდება, ეს ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად ითვლება და ამ დროს კონტროლი უნდა გამკაცრდეს, რომ ვინმემ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ხელი არ მოითბოს“,- ამბობს ბესო ნამჩავაძე.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ფორსმაჟორის გათვალისწინებით, კვლევა არ მოიცავს იმ შესყიდვებს, რომლებიც კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე გაფორმდა. ბესო ნამჩავაძე აქვე განმარტავს, რომ გამარტივებული შესყიდვების გზით, კოვიდ სასტუმროებისა და საკარანტინე სივრცეების დაქირავების მიზნით, ასევე სამედიცინო კლინიკებთან, საკმაოდ მსხვილი კონტრაქტები გაფორმდა.