შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის (GOP) ეროვნული კომიტეტი განიხილავს რეზოლუციას, რომელიც გმობს ლიზ ჩეინს და ადამ კინზინგერს, დონალდ ტრამპის ორ ყველაზე ხმამაღალ რესპუბლიკელ კრიტიკოსს. კონგრესმენები მუშაობდნენ კომიტეტში, რომელიც გასულ წელს კაპიტოლიუმზე თავდასხმას იძიებდა.
რეზოლუციის კომიტეტმა ორი დეპუტატის მიმართ სასჯელს ერთხმად დაუჭირა მხარი და კენჭისყრისთვის ეროვნულ კომიტეტს გადაუგზავნა.
”რესპუბლიკელების ბრენდს გარკვეული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს და ეს ორი რესპუბლიკელი სრული სირცხვილია პარტიისთვის”,- განაცხადა ჰარმეტ დილონმა, ეროვნული კომიტეტის წევრმა კალიფორნიიდან და რეზოლუციის თანაავტორმა.
რეზოლუციის თავდაპირველი პროექტი მოითხოვდა ჩეინისა და კინზინგერის პარტიიდან გარიცხვას. თუმცა, ზოგიერთი რესპუბლიკელი ლიდერი შეშფოთებულია იმით, რომ პარტიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს დემოკრატებზე და არა სხვა რესპუბლიკელებზე, რომლებიც შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან, სადაც GOP-ი წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის დაბრუნებას შეძლებს.
გასული წლის მაისში რესპუბლიკელებმა გაათავისუფლეს ჩეინი და ტრამპის ერთგული ელისე სტეფანიკით შეცვალეს. ადამ კინზინგერმა გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა, რომ არ აპირებდა ხელახლა არჩევას ილინოისის შტატში.
ჩეინი და კინზინგერი იყვნენ იმ 10 რესპუბლიკელს შორის, რომლებმაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს მას შემდეგ, რაც მისი მხარდამჭერები თავს დაესხნენ აშშ-ს კაპიტოლიუმს 2021 წლის 6 იანვარს.
ლიზ ჩეინმა განაცხადა, რომ GOP-ის ლიდერებმა საკუთარი თავი ყოფილი პრეზიდენტის “მძევლებად აქციეს”.
“მე ვარ კონსტიტუციური კონსერვატორი და არ ვაღიარებ ჩემს პარტიაში მათ, ვინც უარყო კონსტიტუცია დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად. მათი მსაჯული ისტორია იქნება. მე არასოდეს შევწყვეტ ბრძოლას კონსტიტუციური რესპუბლიკისთვის”,- ნათქვამია ლიზ ჩეინის განცხადებაში.
მაურა გილესპის, კინზინგერის პრესმდივანს სჯერა, რომ კომიტეტი დროს “უკეთესად გამოიყენებოდა, თუ ის 2022 წლის არჩევნებზე გაამახვილებდა ყურადღებას და არა უპრეცედენტო და შორსმჭვრეტელ მცდელობაზე პარტიის ორი რესპუბლიკელისგან გაწმენდისთვის, რადგან უბრალოდ სიმართლე თქვეს და ფიცი დაიცვეს”.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ ნიკეტი