
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) „თელმიკოსა“ და „თელასში“ შევა.
როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, სემეკი ადგილზე შეისწავლის „თელმიკოსა“ და „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს.
„გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა დიდი ოდენობის საჩივრებით, რომლებიც შეეხება ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადებს“,- აღნიშნავენ სემეკში.
სემეკის წევრის, გიორგი ფანგანის ინფორმაციით, შემოწმების პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება. მისი განცხადებით, პირველადი მონაცემებით, რომელიც სემეკს კომპანიებმა მიაწოდეს, გარკვეული ტიპის დარღვევები 700 შემთხვევაში დაფიქსირდა და მათი გასწორება მოხდა.
ცნობისთვის, კვლავ არაერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი მისდის. ამასთან, გასულ წელს არასწორი დარიცხვების გამო სემეკმა „თელმიკო“ 75 000 ლარით, ხოლო „თელასი“ 50 000 ლარით დააჯარიმა.
შეგახსენებთ, რომ სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მფლობელს ელექტროენერგიის მიწოდების უფლება აღარ აქვს. შესაბამისად, „თელასი“ თბილისში „თელმიკომ“, ხოლო რეგიონებში „ენერგო-პრო“ „ეპ ჯორჯიამ“ ჩაანაცვლა.