LIVE

ანდერს ბრეივიკს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა

01 თებ 202220:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 883
ანდერს ბრეივიკს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა
Ole Berg-Rusten/NTB scanpix via AP

ნორვეგიის სასამართლომ უარი თქვა ნეონაცისტი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე. ტერორისტმა ციხეში 10 წელი გაატარა. მან ნორვეგიაში 77 ახალგაზრდა მოკლა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, თამთა ლიპარტელიანი.

“არის აშკარა რისკი, რომ ბრეივიკი დაუბრუნდება იმ ქცევას, რამაც 22 ივლისის ტერაქტები გამოიწვია”,- განაცხადა რაიონულმა სასამართლომ.

ბრეივიკს არასოდეს გამოუჩენია სინანული ნორვეგიაში მომხდარი ყველაზე სისხლიანი დანაშაულის ჩადენის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

42 წლის მემარჯვენე ექსტრემისტს 2012 წელს მაქსიმალური სასჯელი, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო მოსმენის დროს პროკურორმა, ჰულდა კარლსდოტირმა განაცხადა, რომ ანდერს ბრეივიკი ჯერ კიდევ “ძალიან საშიში ადამიანია” და “სასამართლოზე ჭეშმარიტი სინანული არ გამოუჩენია”.

ფსიქიატრმა, რომელიც დამნაშავეს 2012 წლიდან აკვირდებოდა, განაცხადა, რომ ბრეივიკის ნდობა არ შეიძლება. ანალოგიური ჩვენება მისცა ციხის წარმომადგენელმა, რომლის თანახმად, “არსებობს გარდაუვალი საფრთხე”, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, ტერორისტი კვლავ ჩაიდენს სერიოზულ დანაშაულს.

ნეონაცისტმა ტერორისტმა 2011 წლის 22 ივლისს ოსლოში, სამთავრობო შტაბ-ბინასთან ააფეთქა ბომბი, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა ლეიბორისტული ახალგაზრდების საზაფხულო ბანაკზე კუნძულ უტოიაზე, რასაც 69 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.