LIVE

"სილქნეტმა" ევრობონდებით $300 მილიონი მოიზიდა

01 თებ 202215:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 771
"სილქნეტმა" ევრობონდებით $300 მილიონი მოიზიდა

საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, "სილქნეტმა" $300 მილიონის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. "სილქნეტის" ინფორმაციით, მოზიდული სახსრებით მოხდება არსებული ვალდებულებების რეფინანსირება და კომპანიის შემდგომი განვითარების დაფინანსება. 

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, 2019 წლის პირველ ემისიასთან შედარებით, ახალი ევრობონდები "სილქნეტმა" 100 მლნ აშშ დოლარით მეტი მოცულობით გამოუშვა, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 11-დან 8.375%-მდე შემცირდა, რაც რეგიონის სხვა მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების, ვოდაფონ უკრაინასა და თურქ ტელეკომის მაჩვენებლების დონეზეა და სილქნეტის საინვესტიციო მიმზიდველობაზე მიუთითებს. 

"სილქნეტის" ახალ ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს ამერიკისა და ევროპის მაღალი ხარისხის, ინსტიტუციურმა საინვესტიციო კომპანიებმა. ასევე, ობლიგაციები პირველად შევა JP Morgan-ის განვითარებადი ბაზრების CEMBI ინდექსში. ამასთან, მსოფლიო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა სილქნეტის რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა. 

„მოხარული ვარ, რომ სილქნეტმა წარმატებით განახორციელა ახალი ობლიგაციების გამოშვება და კომპანიამ მოიზიდა დამატებითი ფინანსური რესურსი. 2019 წელს ევრობონდების პირველი ემისიის შემდეგ, სილქნეტმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქსელის მოდერნიზაციაში, საქართველოში ერთადერთმა დანერგა გიგაბიტ LTE – 4.9G მობილური ქსელი. ასევე, წარმატებით დავასრულეთ IT ტრანსფორმაციის 2-წლიანი პროცესი“,- აღნიშნა "სილქნეტის" გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა.