
Covid-19-ის ომიკრონ შტამით ინფიცირება შესაძლოა, რეინფიცირებისგან არ გვიცავდეს. უახლესი კვლევები ეჭვქვეშ აყენებს ვარაუდს, რომ ომიკრონი პანდემიის დასრულებას მიანიშნებს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით, ომიკრონის ინფექციის დროს ანტისხეულების გამომუშავება, როგორც ჩანს, დაკავშირებულია დაავადების სიმძიმესთან. კვლევას სამეცნიერო რეცენზია ჯერ არ გაუვლია.
მკვლევრები აცხადებენ, რომ თუ ვაქცინირებული ადამიანები ომიკრონით ინფიცირებით გამოწვეული დაავადება მსუბუქად გადაიტანენ, ისინი შეიძლება არ იყვნენ დაცულები არსებული ვირუსისგან და მომავალი ვარიანტებისგან.
"ჩვენი შედეგები აჩენს ეჭვს, რომ ომიკრონის მიერ გამოწვეული იმუნიტეტი შეიძლება არ იყოს საკმარისი სხვა, უფრო პათოგენური ვარიანტის ინფექციის თავიდან ასაცილებლად, თუ ის მომავალში გაჩნდება“,- აცხადებენ მკვლევრები.
კვლევის ავტორები ხაზგასმით მიუთითებენ იმუნიტეტის გაძლიერებაში ვაქცინის გამაძლიერებლების მუდმივ მნიშვნელობას, რადგან მხოლოდ გავრცელებული ინფექციის გადატანა შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი, იმისათვის, რომ ადამიანი დაცული იყოს როგორც განმეორებითი ინფექციებისგან ასევე, ახალი შტამებისგან.
კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მეორე თაობის ომიკრონის ფორმა უფრო გადამდებია, ვიდრე მისი ორიგინალი ვერსია. მეცნიერები ამ დასკვნამდე დეკემბერ-იანვარში დანიაში ინფიცირებული პირების ოჯახებზე დაკვირვებით მივიდნენ. კვლევის მიხედვით, BA.2 ქვევარიანტით ინფიცირებული ადამიანების 39%, სავარაუდოდ, აინფიცირებდა ოჯახი წევრებს, მაშინ, როცა ომიკრონის ორიგინალი შტამის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 29%-ია.
ორივე ტიპის ინფექციით დაავადების რისკი უფრო მაღალი აღმოჩნდა არავაქცინირებულ პირებში, რაც ხაზს უსვამს ვაქცინაციის დადებით ეფექტს.
კვლევა ადასტურებს გასულ კვირას გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ორგანოების მიერ გავრცელებულ შეფასებას, რომ ომიკრონის ქვევარიანტი უფრო გადამდები ჩანს, ვიდრე მისი ორიგინალი ვერსია. ამ ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ გამაძლიერებელი დოზები რჩება დაცვის ეფექტურ საშუალებად.
მიუხედავად იმისა, რომ BA.1 ჯერ კიდევ ყველაზე დომინანტური შტამია მსოფლიოში, WHO-ს განცხადებით, ბოლო ტენდენცია აჩვენებს, რომ BA.2-ის შემთხვევები იზრდება ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთში და დანიაში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კანოკო მაცუიამა