LIVE

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაზრდილი ტარიფი ხვალიდან ამოქმედდება - რა უნდა იცოდეთ

31 იან 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 2660
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაზრდილი ტარიფი ხვალიდან ამოქმედდება - რა უნდა იცოდეთ

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ხვალიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება და მოქალაქეები 50 თეთრად ვეღარ იმგზავრებენ. 

ცვლილების შედეგად, მგზავრობისთვის ამოქმედდება შემდეგი ტიპის სააბონენტო ბარათები: 

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი;
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
  • ულიმიტო ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.

ბარათით სარგებლობა შესაძლებელია მეტროში, ავტობუსებში და ლურჯ მიკროავტობუსებში. შესაბამისად, თითოეული გადაჯდომისას, თუკი ბარათის მოქმედების ლიმიტი ამოწურული არ არის, მოქალაქეს დამატებითი თანხის გადახდა არ მოუწევს. სამგზავრო აბონემენტების შეძენა მეტროს სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებშია შესაძლებელი. 

მომხმარებელმა ბარათის შეძენისას მიღებული ქვითარი უნდა შეინახოს. ასევე შეუძლია ბარათსა და ქვითარს ერთად გადაუღოს ფოტოსურათი და სამგზავრო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, ქვითრის, ან ფოტოსურათის წარდგენისას, დაკარგულ ბარათს აღუდგენენ.

„მეტრომანი“ არ უქმდება და მასზე დარიცხული თანხა მოქალაქეს შეუძლია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას გამოიყენოს. ამასთან, "მეტრომანით" მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას (1 თებერვლიდან თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ).

ვინც მგზავრობისას საბანკო ბარათს იყენებდა, ამ ბარათით სარგებლობას კვლავ შეძლებს ერთჯერადი მგზავრობისთვის, რომელიც 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი ეღირება.

ვინ ისარგებლებს შეღავათებით?

იმ სოციალური ჯგუფებისთვის, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება. ისინი უკვე არსებული ბარათებით გააგრძელებენ სარგებლობას.

უფასოდ იმგზავრებენ დედაქალაქში რეგისტრირებული:

  • უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი;
  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
  • სამხედრო ძალების ვეტერანები;
  • სკოლის მოსწავლეები;
  • შსს-ს უბნის ინსპექტორები.

10 თეთრიანი ტარიფით ისარგებლებენ თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან უფრო დაბალია.

მგზავრობის დროს ბარათიდან 20 თეთრი ჩამოეჭრებათ:

  • დედაქალაქში განლაგებული ლიცენზირებული და აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს;
  • სკოლისა და ბაღების თანამშრომლებს;
  • 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს; პენსიონერებს;
  • საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს;
  • უბნის ექიმებს, უბნის პედიატრებსა და ოჯახის ექიმებს;
  • მანდატურებს;
  • სოციალურ აგენტებსა და სოციალურ მუშაკებს.

განახლებული სამარშრუტო ხაზების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თბილისის მერიის ვებგვერდზე. აქვეა მოცემული ახალი მიმართულებების ჩამონათვალი

რადგან სატრანსპორტო სისტემაში მიკროავტობუსები ინტეგრირებულია, გაჩერებების ტაბლოებზე დაემატა მიკროავტობუსების მოლოდინის დროებიც.

განახლებული მიმართულებებისა და განრიგების შესახებ, IOS-ისა და ANDROID-ის მომხმარებლებისთვის ინფორმაცია მოცემულია აპლიკაციაში TTC.