LIVE

ენტონი ბლინკენმა სენატის წინაშე საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე ისაუბრა

20 იან 202114:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 476
ენტონი ბლინკენმა სენატის წინაშე საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე ისაუბრა

ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დასამტკიცებლად გუშინ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარსდგა

სხვა კითხვებთან ერთად, მას აზრი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჰკითხეს, რაზეც ბლინკენმა განაცხადა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას კვლავ მხარს უჭერს. 

„თუ ქვეყანა, როგორიც საქართველოა, გაწევრიანებისთვის სავალდებულო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, დიახ, კარი ღია უნდა დარჩეს,“ უპასუხა ბლინკენმა.

მას კითხვა NATO-ს გაფართოების დიდი ხნის მოწინააღმდეგემ, სენატორმა რენდი პოლიმ დაუსვა, რომელმაც სახელმწიფო მდივნის კანდიდატის პასუხს, რუსეთიდან მომდინარე რისკები დაუპირისპირა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება რუსეთთან ომის დაწყებას ნიშნავს.

„სიმართლე გითხრათ, საწინააღმდეგოს ვფიქრობ. როცა საქმე ნატოს წევრობას ეხება, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოში არ არიან და მის ქოლგის ქვეშ არ არიან მოქცეული" განაცხადა ბლინკენმა და იქვე დასძინა, რომ პირიქით, ქვეყნები, რომლებიც წარსულში რუსეთის აგრესიის სამიზნე იყვნენ, ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მათ მიმართ რუსეთის პოლიტიკა შეიცვალა.

სენატორმა პოლიმ კამათი გააგრძელა პასუხით, რომ მისი არგუმენტი 20 წლის წინ იქნებოდა მისაღები და რიტორიკა - „არ მაღელვებს რას ფიქრობს რუსეთი"-ირაციონალურია, რადგან ამერიკამ უნდა გაითვალისწინოს მოწინააღმდეგის შემდეგი ნაბიჯები, რაზეც ენტონი ბლინკენი სენატორს დაეთანხმა. 

ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაასახელა. ის გამოცდილი დიპლომატია. ენტონი ბლინკენს სენატსა და სხვა უწყებებში მაღალი თანმდებობები ეკავა. ​2015-2017 წლებში ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, იქამდე კი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო.