LIVE

ევროპული ავიაკომპანიები კიდევ ერთი დარტყმისთვის ემზადებიან

20 იან 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 452
ევროპული ავიაკომპანიები კიდევ ერთი დარტყმისთვის ემზადებიან

ავიაკომპანიები თვეების განმავლობაში  Covid-ის ვაქცინების დამტკიცებას  იმ იმედით ელოდნენ, რომ ვაქცინა მათ დაზარალებულ ინდუსტრიას გადაარჩენდა. მაგრამ ევროპული ავიახაზები, რომლებიც ზაფხულის სეზონს ელიან, შემოსავლების და ბალანსის აღსადგენად, შიშობენ, რომ მოგზაურობის ამ პერიოდისთვის აღდგენა დაგვიანებული იქნება.

სფეროს ექსპერტები ერთი თვის წინ ევროპის დასვენებისა და გასართობი ბაზრის 90% -იან აღდგენას ვარაუდობნენ, თუმცა სწრაფად გავრცელებადი ახალი ვირუსული შტამები ხალხს დასვენების გადადებისკენ უბიძგებს, რაც საბოლოოდ ავიაკომპანიების შემოსავალზე მნიშვნელოვნად აისახება.

ავიაკომპანიებისთვის მოგება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდზე. კიდევ ერთმა დაკარგულმა სეზონმა შეიძლება არა მხოლოდ ინდუსტრია შეარყიოს, ასევე ნეგატიური გავლენა იქონიოს წამყვან დაბალ ფასიან ავიახაზებზე და ტურ ოპერატორებზე. 

”ევროპის პრობლემა ის არის, რომ ბევრი საზღვარი არსებობს და თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი მოთხოვნები”, - ამბობს მარკ მანდუკა, ლონდონის Citigroup– ის ანალიტიკოსი. ”მგზავრებმა არ იციან რა შეზღუდვებია ან რა სახის ტესტებია საჭირო, ამიტომ თვითმფრინავების შევსება გაცილებით რთულია იმ დიდ ქვეყნებთან შედარებით, როგორიცაა აშშ და ჩინეთი, სადაც შიდა საზღვრები არ არსებობს.”

უკანასკნელი დარტყმა ევროპულ ავიაკომპანიებზე, ბრიტანეთში კარანტინზე დამატებით სავალდებულო ტესტირების დაწესება იყო. ლონდონში დაფუძნებული საავიაციო საკონსულტაციო ფირმის Ishka-ს თანახმად, ბრიტანეთში დაფუძნებულ ავიაკომპანიებში ადგილების შევსება ერთ კვირაში 27% -ით დაეცა, ჩრდილოეთ ამერიკის 10% -თან და აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის  5%-თან შედარებით.

ვაქცინაციების ტემპის ზრდის პირობებშიც კი, წინასწარი ჯავშნები 2020 წლის ბოლოსთან შედარებით შემცირებულია. ეს ცუდი სიახლეა სუსტი ევროპული გადამყვანებისთვის. პანდემიის დაწყების შემდეგ ევროპულმა ავიაკომპანიებმა მეტი ჩავარდნა განიცადეს, ვიდრე სხვა რეგიონების ავიახაზებმა და ამ ზიანმა შეიძლება მოიმატოს, აცხადებს საერთაშორისო საავიაციო  ბიუროს ანალიტიკოსი სტიუარტ ჰაჩერი.

უფრო შემაშფოთებელი ის გარემოებაა, რომ კიდევ ერთი გაჩერებული ზაფხული ყველაზე ჯანმრთელ ოპერატორებსაც კი შეაჩერებს. Ryanair-მა პირობა დადო, რომ ფრენების გარკვეულ რაოდენობას განახორციელებს, სანამ დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში, ლოკდაუნები მოიხსნება. British Airways- მა კი კიდევ 8% -ით შეამცირა მისი ისედაც შეზღუდული გრაფიკი.

ამასობაში, საფრთხის წინაშე დგას Lufthansa-ს გეგმები, რომ მისი უმოქმედო ფართოძრავიანი თვითმფრინავები გადაერთოს ახალ შორეულ მიმართულებებზე. თუმცა, Lufthansa-მ, რომელიც ნორმალური სიმძლავრის მხოლოდ 25% -ით მუშაობს, უკვე დაიწყო ნელი აღდგენა იმ კორპორატიულ გრძელვადიან ბაზრებზე, სადაც ის სპეციალიზირებულია.

2021 წელს გადამზიდების ფინანსური პრობლემები შეიძლება თვითმფრინავების მწარმოებლებზეც გავრცელდეს. მაგალითისთვის, Airbus - სა და Boeing - ზე, რომლებმაც ამ დრომდე დიდი შეკვეთების გაუქმება თავიდან აიცილეს. მოკლევადიანი მგზავრობის აღდგენის გარეშე, ეს შეიძლება აღარ იყოს რეალისტური პერსპეტივა ევროპული გადამზიდებისთვის.

EasyJet– ის აღმასრულებელი დირექტორი იოჰან ლუნდგრენი ამბობს,  რომ იგი დარწმუნებულია, ჯავშნები  Covid– ის მოგზაურობის შეზღუდვის მოხსნისთანავე დაბრუნდება.

თუმცა, პარიზის Oddo BHF– ის ანალიტიკოსი, იან დეროკლესი, რომელიც წლების განმავლობაში ავიაციის სფეროს განაგებდა, უფრო მწვავე შეფასებას გვთავაზობს. ის ამბობს, რომ მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებელმა 40–60% უნდა მიაღწიოს, რომ მგზავრობა ნორმალურ დონეზე დაბრუნდეს: ”ჩვენ ამისგან ძალიან, ძალიან შორს ვართ. მცირე ალბათობაა, რომ ამ ზაფხულს ტრაფიკი აღდგეს ”

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კრისტოფერ ჯასპერი, სიდარს ვიკრამ ფილიპი და რიჩარდ ვაისი