LIVE

რუსეთთან კონფლიქტით ევროკავშირს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე აშშ-ს

25 იან 202210:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 915
რუსეთთან კონფლიქტით ევროკავშირს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე აშშ-ს
Bloomberg

რუსეთთან კონფლიქტით ევროკავშირს გაცილებით მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე აშშ-ს. ეს ხსნის, რატომ უჭირთ დასავლელ მოკავშირეებს უკრაინის გამო დაპირისპირების პირობებში რუსეთთან მკაცრ პოზიციაზე შეთანხმება.

რუსეთი ევროკავშირის მეხუთე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ენერგიის მთავარი მიმწოდებელია. აშშ-სთვის კი ის 30 სავაჭრო ძირითად პარტნიორშიც კი ძლივს ხვდება. მსგავსი უფსკრულია ინვესტიციების კუთხითაც.

შედეგად, მზარდი ინფლაციის და ენერგიის ფასის ზრდის პირობებში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ფრთხილად მოძრაობს. ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ომმა შესაძლოა, ბუნებრივი აირის მარაგი შუა ზამთარში შეაფერხოს, როცა მათ ის ყველაზე მეტად სჭირდებათ.

აშშ ენერგიის წმინდა ექსპორტიორია, თუმცა ევროკავშირი იმპორტს ეყრდნობა. რუსეთი კი კონტინენტისთვის ბუნებრივი აირის და ნავთობის ნომერ პირველი მიმწოდებელია.

JPMorgan-ის ეკონომისტებმა პარასკევს განაცხადეს, რომ ნავთობის ფასის ზრდა ბარელზე 150 დოლარამდე ინფლაციას ხელს შეუწყობს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, Goldman Sachs-ის მიხედვით, რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდება შეიძლება განუსაზღვრელი ვადით შეიზღუდოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ Nord Stream 2-ის პროექტი სანქციების გამო დაზარალდება. ბანკის პროგნოზით, ბუნებრივი აირის ფასმა შესაძლოა დეკემბრის შუა რიცხვებში დაფიქსირებულ რეკორდულ დონეს მიაღწიოს, ან თუნდაც გადააჭარბოს მას.

ბუნებრივი აირი ახლა განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია, რადგან რუსეთმა მიწოდება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეზღუდა. ფასები სამჯერ გაიზარდა, რაც ელექტროენერგიის ღირებულებას მთელს კონტინენტზე ზრდის. უკრაინის გამო რუსეთთან დაძაბულობამ შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესოს.

რუსეთის გაზის ექსპორტიორმა Gazprom-მა და პარტნიორებმა, მათ შორის Shell-მა, Nord Stream 2-ის მილსადენის დასრულებაზე $10 მილიარდზე მეტი დახარჯეს და მისი გახსნა სურთ. უკრაინაში სამხედრო ქმედება ამას საფრთხის ქვეშ აყენებს. იგივე ბედი ელის ნებისმიერ მომავალ შეთანხმებას რეგიონში რუსეთის მხრიდან მიწოდების გაზრდის მიზნით. ეს ენერგიის დეფიციტს ევროკავშირში კიდევ უფრო გაამწვავებს.

თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სარგებელს მოუტანს ამერიკელ ექსპორტიორებს, რომლებიც ევროპაში მეტი ბუნებრივი აირის ექსპორტს ცდილობენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბენ ჰოლანდი და ანა ადრიანოვა