LIVE

მითია, რომ პანდემიის დასასრული ახლოვდება - ფაქტები და მითები ომიკრონზე

21 იან 202211:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 1187
მითია, რომ პანდემიის დასასრული ახლოვდება - ფაქტები და მითები ომიკრონზე

მითია ინფორმაცია, რომ COVID-19-ის „ომიკრონ“ ვარიანტი მსუბუქი დაავადებაა, ამის შესახებ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ევროპის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც ომიკრონის შტამის შესახებ ფაქტებსა და მითებზეა საუბარი.

ჯანმო-ში აცხადებენ, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი „დელტასთან“ შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა, იგი საშიშ ვირუსად რჩება არავაქცინირებულთათვის. ამასთან, „ომიკრონი“ განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონი“ ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან გავრცელების მაღალი კოეფიციენტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ „დელტასთან“ შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, შემთხვევების სწრაფი მატება ჰოსპიტალიზაციის ზრდას განაპირობებს, რაც ზეწოლას მოახდენს ჯანდაცვის სექტორზე და გაძნელდება როგორც COVID-19-ით ინფიცირებული, ისე სხვა დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.

მითია ინფორმაცია, რომ ვაქცინა „ომიკრონის“ წინააღმდეგ არ მუშაობს, პირიქით, ვაქცინაცია წარმოადგენს საუკეთესო დაცვას ამ შტამისგან. მოსალოდნელია, რომ ვაქცინირებული ადამიანები დაცულები იქნებიან „ომიკრონით“ გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილისაგან, ისევე, როგორც ეს „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში მოხდა. ვაქცინაცია იწვევს ორგანიზმის იმუნურ პასუხს ვირუსზე, რომელიც ადამიანებს იცავს არა მხოლოდ ცირკულაციაში ამჟამად არსებული ვარიანტებისგან, არამედ, სავარაუდოდ, COVID-19-ის მომავალი მუტაციებით გამოწვეული მძიმე დაავადებისაგანაც.

ჯანმო-ში აცხადებენ, რომ ომიკრონი გაციებაზე ბევრად საშიში დაავადებაა და არავაქცინირებული ადამიანები ყველაზე მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან.

მითია, რომ თუ ადამიანი COVID-19-ით ერთხელ მაინც ყოფილა ინფიცირებული, „ომიკრონისგან“ დაცულია. ორგანიზაციის განცხადებით, „ომიკრონი“ იწვევს COVID-19-ით რეინფიცირების შემთხვევების ზრდას. სრული ვაქცინაცია კი, მათ შორის ბუსტერ დოზა, ამცირებს „ომიკრონისა“ და COVID-19-ის ყველა სხვა ვარიანტისგან გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილის რისკს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისაგან გამომუშავებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება. ბუსტერ დოზა აძლიერებს იმუნიტეტს და ვაქცინირებულ მოქალაქს ამჟამად ცირკულაციაში არსებული ვარიანტებისა და მომავალი მუტაციებისაგან იცავს. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკჯგუფებისთვის (60+ ასაკის ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი).

არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ გამოყენებული უსაფრთხოების ზომები (პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისაგან თავის არიდება, დაცემინება და დახველება მოხრილ იდაყვში და კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა) ეფექტურია „ომიკრონის“ წინააღმდეგაც.

ჯანმო-ს ინფორმაციით, მითია, რომ „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებასთან ერთად პანდემიის დასასრული ახლოვდება. სპეციალისტების განცხადებით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.