ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ხალხი ირეალური სპექტაკლის მომსწრე გახდა: გიგანტური, მრავალსაუკუნოვანი ხეებიც კი თავდაყირა ცურავდნენ შავ ზღვაზე. მათი ძლიერი, ფართოდ გაშლილი ტოტები ერთდროულად პოეტური და შეშლილი ჩანდა,- წერს New York Times-ი, რომელიც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეკვეთილში მოწყობილ პარკს ვრცელ სტატიას უძღვნის.
გამოცემის თანახმად, ხეები, რომლებიც ბუქსირების მეშვეობით ბორტებზე იყო დაყენებული, მიემართებოდნენ პარკისკენ, რომელსაც აშენებდა ექსცენტრიული მილიარდერი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი - კაცი, რომელსაც ბევრი ქართველი მიიჩნევს, რომ კვლავ ფლობს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, რომ ის პენსიაზე გავიდა, რათა ფილანთროპიაზე ფოკუსირდეს.
პარკში მიიტანეს 200-ზე მეტი ხე, რომელიც კავკასიის პატარა ერის გაღატაკებულ სოფლებსა და ტყეებში მიწიდან ამოთხარეს. ივანიშვილმა შერჩეული ხეების უმრავლესობა პირადად შეამოწმა.
ხეების ერთი ნაწილი ბარჟებით, მეორე ნახევარი კი სატვირთო მანქანებით გადაიტანეს. მდინარის კალაპოტები გაფართოვდა და მატარებლები იძულებული გახდნენ გაჩერებულიყვნენ და მათთვის გზა დაეთმოთ, რაც ქართველებმა გამოიყენეს, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ მას კვლავ შეეძლო გადაეადგილებინა თანამდებობის პირები ისევე დაუსჯელად, როგორც ხეები გადაჰქონდა.
პარკი, რომელიც საზოგადოებისთვის 2020 წლის ზაფხულში გახდა ხელმისაწვდომი, იშვიათი საჯარო გამოვლინებაა მისი გაუმჭვირვალე, მაგრამ აბსოლუტური ყოფნისა საქართველოში.
მას არ აქვს ოფიციალური როლი მთავრობაში, მაგრამ მისი კრიტიკოსები ამბობენ, რომ 65 წლის ივანიშვილს სცენის მიღმა, ჯერ კიდევ აქვს დიდი ძალაუფლება.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, თავისი მიხვეულ-მოხვეული განლაგებით, რომელიც ვარდისფერი ფლამინგოებით, პელიკანებითა და სხვა ეგზოტიკური ფრინველებით სავსე ტბის ირგვლივ არის გაშენებული, ასახავს ივანიშვილის ექსტრავაგანტურ გემოვნებას. პროექტის მენეჯერის, პაატა სულაბერიძის თქმით, პარკის დიზაინი თავად ივანიშვილს ეკუთვნის.
პარკის შექმნა ივანიშვილს ათეულობით მილიონი დოლარი დაუჯდა, თუმცა შესვლა უფასოა. ტერიტორიაზე ყველგან არის ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ქონება კერძოა. ყველგან დამონტაჟებულია CCTV კამერები და მოძრაობის დეტექტორები ყველა ხის წინ დგას - შეხედე, მაგრამ არ გაბედო შეხება. ეს ეხება გაზონსაც. მცველები დარღვევაზე სწრაფად რეაგირებენ.
ზემოთქმულის მიუხედავად, ბევრი ვიზიტორი ამბობს, რომ მათ უზომოდ ისიამოვნეს პარკით.
„რა თქმა უნდა, მან ეს ჯერ თავისთვის გააკეთა. ხალხი ამბობს, რომ ის დილით მოდის, რათა აღივსოს ხეების ენერგიით",- ეუბნება პარკის ვიზიტორი ნიუსი გომანი გამოცემას.
მრავლადაა გავრცელებული თეორიები იმის შესახებ, თუ რატომ არის ივანიშვილი ხეებით ასე შეყვარებული. ზოგიერთი ქართველი ფიქრობს, რომ ის არის დრუიდი, რომელიც მათ ეთაყვანება.
კინორეჟისორი სალომე ჯაში ივანიშვილის აკვიატებაში ბუნების სიყვარულის მიღმა სხვა რამეს ხედავს.
„ჩემთვის მცურავი ხე იყო ძალაუფლების, ახირების, ნებისმიერ ფასად რაღაცის სურვილის სიმბოლო“,- ამბობს ჯაში, რომელმაც პარკის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
კინორეჟისორის ვარაუდს უარყოფს პროექტის მენეჯერი სულაბერიძე. ის ამბობს, რომ მის უფროსს "უბრალოდ უყვარს ხეები".
გამოცემა ასევე წერს, რომ ბევრი ქართველი აღფრთოვანებული იყო პარკში უფასოდ შესვლის შესაძლებლობით, ივანიშვილით და ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობით.
თუმცა, ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები მას ადარებენ ფეოდალს, რომელიც სიმდიდრის პატარა წვეთებს ასხურებს ხალხს იმისათვის, რომ მათი კეთილგანწყობა მოიპოვოს.
ისინი ამტკიცებენ, რომ მილიარდერის პენსიაზე გასვლა ფიქციაა. „ის არსად ჩანს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ყველგან არის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა.
ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა. მისი ქონება ამჟამად შეფასებულია $6 მილიარდად, რაც საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს აღემატება.
ბევრი ქართველი ვარაუდობს, რომ კრემლი არასოდეს დაუშვებდა ამ სიმდიდრის ქვეყნიდან გადინებას, თუ არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ფული გამოიყენებოდა გავლენის შესაძენად საქართველოში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა მეზობელი თურქეთისა და რუსეთის დიდი ძალების ამბიციების წინააღმდეგ.
ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კრიტიკოსი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ის თავს "პუტინის პატიმარს" უწოდებს და აცხადებს, რომ ივანიშვილი კრემლის ლაქიაა.
პარლამენტის წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“, გიორგი ხელაშვილი, ამტკიცებდა, რომ ივანიშვილის წასვლა გულწრფელი იყო.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გამოცემის ყველა მცდელობა, ივანიშვილის წარმომადგენლებთან ინტერვიუს ჩაწერაზე, უშედეგო აღმოჩნდა.
NYT წერს, რომ თუ ახლა პოლიტიკაში ივანიშვილის როლი ბუნდოვანია, ოდესღაც მან დიდი როლი ითამაშა საქართველოს ემოციურად გადატვირთულ პოლიტიკურ სცენაზე.
როგორც მიმდინარე თვეში ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლების დროს გამოჩნდა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ხელისუფლების გადაცემა ხშირად ქაოსური და ძალადობრივი იყო. ივანიშვილის მხარდამჭერები მიუთითებენ, რომ ის ნებაყოფლობით გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან თანამდებობაზე მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, რაც ამტკიცებს, რომ მას ძალაუფლება არ სწყურია.
ამ დროისთვის, ივანიშვილი ყველაზე მეტად დაინტერესებულია ექსცენტრიული ჰობებით, რომლებიც მისი პრემიერ-მინისტრობის დროს თავს პერიოდულად იჩენდნენ.
დეპუტატი ახვლედიანი, რომელიც 2013 წელს ივანიშვილთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, იხსენებს, სტრასბურგში ოფიციალური საგარეო ვიზიტისას როგორ იყო ივანიშვილი ძირითადად დაინტერესებული ქალაქის ზოოპარკით. ზოოპარკში, სადაც მან იყიდა წეროს კვერცხები სახლში წასაღებად.
მიუხედავად იმისა, რომ ხეებისადმი გატაცება შეიძლება უვნებელი ჩანდეს, ეს სულაც არ არის ის შემთხვევა, როდესაც ძლიერი მილიარდერი გატაცებულია, - წერს New York Times-ი.
როდესაც ამსტერდამის ვრიეს უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორმა ტობი კიერსმა ივანიშვილის მიერ უძველესი ხეების ამოთხრის შესახებ შეიტყო, თქვა, რომ ამის გამო, ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა.
"ასობით წლის განმავლობაში, ეს უძველესი ხეები ამუშავებდნენ თავიანთ უნიკალურ მიწისქვეშა ეკოსისტემებს, მათ შორის ვრცელ სოკოვან ქსელებს, რომლებიც ამაგრებდნენ ხეს, რადგან ის პატარა ნერგი იყო. როდესაც ხეს ძირი ეთხრება, მიწიდან ეს სასიცოცხლო სისტემა იშლება და რჩება უნაყოფო მიწები",- თქვა დოქტორმა კიერსმა, რომელიც ხეების კავშირებს იკვლევს.