LIVE

საშუალოდ +18-26%, რიგ შემთხვევებში +1000% - რა ფასნამატით იყიდება წამლები

11 იან 202216:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 1440

მსხვილ კომპანიებში მედიკამენტებზე ფასნამატი საშუალოდ 18-26%-ის ფარგლებშია, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ბაზარზე რიგი წამლები 1000%-ინი ფასნამატით იყიდება - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს დასკვნაშია საუბარი.

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში ნათქვამია, რომ მოგების შედარებით მაღალი მარჟებით ძირითადად მცირე იმპორტიორი კომპანიები ოპერირებენ. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, გენერიკულ მედიკამენტებზე, რიგ შემთხვევებში, ფასნამატი 200%-ის ფარგლებშია.  

როგორც კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, ხშირ შემთხვევაში, წამლებზე არსებულ მაღალ ფასნამატს არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი განაპირობებს. კერძოდ, როდესაც ფარმაცევტული კომპანიები კონკრეტულ ექიმებთან გარიგებაში არიან და პაციენტებს მიზანმიმართულად უწერენ შედარებით მაღალფასიან წამლებს.

შესაბამისად, მედიკამენტებზე დანახარჯების შესამცირებლად კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ელექტრონული რეცეპტების სისტემის დანერგვაა. ამასთან, სააგენტოში მიაჩნიათ, რომ წამლების გამოწერისას არა სავაჭრო-ბრენდული (ანუ კონკრეტული მწარმოებლის), არამედ მხოლოდ გენერიკული დასახელება (მედიკამენტში გამოყენებული მოქმედი ნივთიერების საყოველთაოდ მიღებული შემოკლებული სახელწოდება) უნდა მიეთითოს. 

„ბაზარზე მოქმედი სამი ყველაზე მსხვილი კომპანიის საშუალო ფასნამატი დაახლოებით 7-25%-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა არსებობს არაერთი მცირე იმპორტიორი კომპანია, რომლებიც 200, 300 და 1000%-იან მარჟებზეც მუშაობენ. ჩვენი დაკვირვებით, ამის მიზეზი რიგ მედიკამენტებზე არსებული ხელოვნური მოთხოვნაა, ანუ როდესაც არაკეთილსინდისიერი მარკეტინგით კომპანიას გარანტირებული აქვს გაყიდვები. შესაბამისად, აუცილებელია დაინერგოს ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რომლითაც გაკონტროლდება თუ რა დასახელების და რაოდენობის მედიკამენტები ენიშნება პაციენტს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ რეცეპტში მხოლოდ გენერიკული დასახელება ჩაიწეროს. ეს უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეს უფრო მეტი თავისუფლება ექნება სხვადასხვა საფასო კატეგორიაში მისთვის სასურველი მედიკამენტი შეარჩიოს. ამ ნაბიჯების ერთობლიობა მოსახლეობის მიერ მედიკამენტებზე გაწეულ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.

ცნობისთვის, მთავრობა მედიკამენტების გაიაფების მიზნით ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობს. მათ შორის მოიაზრება თურქეთის ბაზრის მეტად გახსნა და შედარებით იაფიანი წამლების იმპორტის უზრუნველყოფა. აღნიშნულ საკითხზე კონკრეტული ინიციატივების წარდგენას ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე კვირაში გეგმავს.