LIVE

App Store-ის დეველოპერებმა 2021 წელს $60 მილიარდი გამოიმუშავეს

11 იან 202212:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 700
App Store-ის დეველოპერებმა 2021 წელს $60 მილიარდი გამოიმუშავეს
Bloomberg

Apple-ის თანახმად, 2008 წელს App Store-ის გამოჩენიდან ამ დრომდე, დეველოპრებმა $260 მილიარდზე მეტი გამოიმუშავეს. ეს რიცხვი $60 მილიარდით აღემატება შარშან წარდგენილ ჯამურ მაჩვენებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ 2021 წელს დეველოპერები 60 მილიარდიან გამომუშავებაზე გავიდნენ.

iPhone-ის მწარმოებელმა განცხადება ორშაბათს გააკეთა, ციფრული სერვისების შედეგების შეჯამებისას. როგორც ირკვევა, გასულ წელს App Store-ის დეველოპერების შემოსავლებმა ახალი წლიური რეკორდი დაამყარა. Apple-ის განცხადებით, შობიდან ახალ წლამდე პერიოდში App Store-ის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორნიშნა ციფრით არის გაზრდილი.

Apple-მა არ დააზუსტა, კონკრეტულად რამდენი გამოიმუშავა აღნიშნულ კვირაში 2021 წელს, მაგრამ ცნობილია, რომ 2020 წლის ამ პერიოდში შემოსავლის სახით $1,8 მილიარდი მიიღო.

Apple-ი საკომისიოს სახით დეველოპერებს 15% ან 30%-ს აკისრებს, იმის მიხედვით, თუ რამდენს გამოიმუშავებს დეველოპერი ან აქვს თუ არა აპლიკაციას ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოწერის ფუნქცია.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ აშშ-სა და კანადაში გასულ წელს მის Wallet აპლიკაციაში 30 მილიონამდე ბილეთი ინახებოდა ღონისძიებებზე წვდომისთვის, ხოლო Apple Books აპლიკაციას ყოველთვიურად 100 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი