LIVE

აშშ-ში Covid-19-ის სწრაფი ტესტები სამმაგ ფასად იყიდება

06 იან 202214:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 881
აშშ-ში Covid-19-ის სწრაფი ტესტები სამმაგ ფასად იყიდება
Bloomberg

სახლის Covid-19-ის ტესტები აშშ-ს მოსახლეობას, რომელსაც ისინი სკოლაში და სამსახურში დასაბრუნებლად სჭირდება, ბევრად ძვირი უჯდებათ. ქვეყანაში შემცირდა ტესტების ხელმისაწვდომობაც.

ციფრული გაყიდვების პლატფორმები BinaxNOW ნაკრებს, რომელიც ორ ტესტს მოიცავს, $75-ად ყიდიან. ფასი სამჯერ მეტია, ვიდრე ტესტების ნაკრები მსხვილ საცალო მოვაჭრეებთან ღირდა. დეკემბერში ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა ფასების ზრდის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტესტების ორი შეფუთვა, რომელიც ჩვეულებრივ $14-დან $25-მდე ფასდება, $70-ად იყიდება.

ტესტების დეფიციტი აშშ-ს ბაზრებზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყანაში Covid შემთხვევების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. ინფიცირების ტალღამ მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა ტესტირების ლოკაციებსა და სახლის ტესტებზე.

აშშ-მა Covid ტესტების წარმოება და შექმნა ძირითადად კერძო სექტორს მიანდო. შეერთებულ შტატებში ტესტების შედარებითი სიმცირე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არსებულ ვითარების საპირისპიროა. ამ ქვეყნებში Covid ტესტები უფასო და მარტივად ხელმისაწვდომია.

დეკემბერში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს მოსახლეობას 500 მილიონი უფასო ტესტი სახლში გაეგზავნება, თუმცა ტესტები მოსახლეობამდე ჯერ არ მისულა. ადმინისტრაციამ მსხვილ საცალო მოვაჭრეებთან, მათ შორის Walmart-თან და Kroger-თან გარიგებები დადო ტესტებზე დაბალი ფასის შენარჩუნების შესახებ. თუმცა, შეთანხმებას ვადა უკვე ამოიწურა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კელსი ბატლერი