LIVE

გვენეტაძე: ინფლაცია, პანდემიასთან ერთად, გლობალური გამოწვევაა

04 იან 202213:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 1049
გვენეტაძე: ინფლაცია, პანდემიასთან ერთად, გლობალური გამოწვევაა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ინფლაცია გლობალური გამოწვევაა. ამასთან, კობა გვენეტაძე დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლის რეკორდულად წარმოჩენას საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს.

"თითქოს 2021 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია ბოლო 26 წლის რეკორდულ ნიშნულზეა. ინფლაციის სტატისტიკის ასე წარმოდგენა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა ან, რაც გაცილებით უარესი - მოსახლეობის შეცდომაში შეგნებულად შეყვანის მცდელობაა. წლიური ინფლაცია გვიჩვენებს, თუ რამდენად გაიზარდა ფასების საერთო დონე ბოლო ერთი წლის მანძილზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ თვეში ვითვლით მას.

ელემენტარული და საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ წლიურ ინფლაციას ეკონომისტები უყურებენ ყოველთვე და არა მხოლოდ დეკემბერში. მიზეზი მარტივია: მოსახლეობა სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებს მხოლოდ დეკემბერში არ მოიხმარს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსახლეობისთვის მაღალი წლიური ინფლაცია ტვირთია, როგორც დეკემბერში, ისე მაისსა ან ივლისში. კერძოდ, 2006 წლის ივლისში, ისევე როგორც 2011 წლის მაისში წლიური ინფლაცია იმაზე მაღალი იყო, ვიდრე 2021 წლის დეკემბერში.

არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ინფლაცია, პანდემიასთან ერთად, გლობალური გამოწვევაა",- წერს კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელს მოლოდინისთვის არ გადაუჭარბებია.

შეგახსენებთ, დეკემბერში ინფლაცია 13.9%-მდე დაჩქარდა, რაც 10-წლიანი მაქსიმუმია. წლიურ ჭრილში, ფასების საერთო დონის ზრდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი კვლავ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფია, რომელშიც ფასები 15.6%-ით გაიზარდა. გასული წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდებოდა.

მართალია, მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის პრობლემა პანდემიამ განვითარებულ ქვეყნებშიც დააყენა, თუმცა ეს გამოწვევა საქართველოში პანდემიამდეც აქტუალური იყო. ამასთან, ევროპაში დაჩქარებული ინფლაცია ძირითადად გაძვირებულ ენერგიას უკავშირდება, მაშინ როდესაც საქართველოში ფასების დონის ზრდას სურსათის გაძვირება განაპირობებს.