
Tesla-მ აშშ-ში დაახლოებით 475,000 მანქანა დაიბრუნა, რაც გასულ წელს მისი გლობალური მიწოდების ეკვივალენტია. კომპანიამ ავტომობილები ტექნიკური დეფექტების გამო დაიბრუნა, რასაც შესაძლოა ავარიების რისკი გაეზარდა.
Tesla 2017-2020 წლებში წარმოებული Model 3-ის ყველა ავტომობილის დაბრუნებასაც გეგმავს, რაც 356,309 მოდელს შეეხება. როგორც კომპანიამ გზატკეცილებზე მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციას(NHTSA) განუცხადა, ავტომობილის უკანა ხედვის კამერა შესაძლოა დაზიანდეს საბარგულის გახსნითა და დაკეტვით, რაც ხელს შეუშლის გამოსახულების ჩვენებას.
NHTSA-ს ცალკეულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ Tesla დაიბრუნებს 2014 წლიდან აწყობილ Model S-ის 119,009 მოდელს. ავტომობილებს კომპანია წინა საბარგულის ხარვეზის გამო იბრუნებს, რამაც შეიძლება მანქანის ზედა ნაწილის მოულოდნელი გახსნა გამოიწვიოს.
NHTSA-ს განცხადებით, Tesla-მ 2,305 საგარანტიო პრეტენზია გამოავლინა, რომლებიც შესაძლოა ამ ორ ხარვეზთან იყოს კავშირში. თუმცა ავტომწარმოებლის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია ხარვეზებთან დაკავშირებული ავარიების, დაზიანებების ან სიკვდილის შესახებ.
ნიუ-იორკში დილის 9:40 საათისთვის კომპანიის აქციების ფასი 3%-ით დაეცა და აქციაზე $1060,88-ით ივაჭრებოდა. ავტომწარმოებლის აქციების ფასი მიმდინარე წელს 50%-ით გაიზარდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფან ნიკოლა